მარინა კალიურანდი: მოვუწოდებ ოპოზიციას, დაიკავონ საკუთარი ადგილები პარლამენტში და ამით პატივი სცენ თავიანთ ამომრჩეველს

მარინა კალიურანდი: მოვუწოდებ ოპოზიციას, დაიკავონ საკუთარი ადგილები პარლამენტში და ამით პატივი სცენ თავიანთ ამომრჩეველს

ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში დელეგაციის ხელმძღვანელი „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ოპოზიციას საპარლამენტო საქმიანობის დაწყებისკენ მოუწოდებს.

მარინა კალიურანდი იმედს გამოთქვამს, რომ სულ მალე შესაძლებელი იქნება საპარლამენტო საქმიანობა სრულყოფილად განხორციელდეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია და პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს. უმნიშვნელოვანესია ევროპული სტრუქტურებისთვის, თუ რა ხდება საქართველოში, რადგან საქართველო ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე სახელმწიფო. ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილი ვითარება კვლავაც გვაშფოთებს“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.

მისივე თქმით, ამომრჩეველმა ნდობა გამოუცხადა პოლიტიკოსებს და მათი ვალია მანდატით დაკისრებული მოვალეობა შეასრულონ.

„მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპოზიციას დაიკავონ საკუთარი ადგილები პარლამენტში და ამით პატივი სცენ იმ ადამიანების არჩევანს და სურვილს, ვინც მათ საპარლამენტო არჩევნებში მხარი დაუჭირა. აი ეს არის ჩვენთვის , ევროპარლამენტისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი.

ვიცით მოლაპარაკებებისა და დიალოგის შესახებ. ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ერთად იპოვის ამ სიტუაციიდან გამოსავალს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტში ამომრჩეველმა აირჩია დაიწყებენ მუშაობას“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.