მიხეილ სარჯველაძე: თუ ვინმეს კითხვები აქვს საპარლამენტო არჩევნების სისწორეზე, ამაზე შეთავაზება გაკეთდა საგამოძიებო კომისიის სახით, სხვა გზა გაუგებარია

მიხეილ სარჯველაძე: თუ ვინმეს კითხვები აქვს საპარლამენტო არჩევნების სისწორეზე, ამაზე შეთავაზება გაკეთდა საგამოძიებო კომისიის სახით, სხვა გზა გაუგებარია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს მიაჩნია, რომ ალოგიკური და არასწორია ოპოზიციის მიმართ „გირჩის“ შეთავაზება იმის თაობაზე, რომ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, მაშინ ახალი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს ჩაატარდეს.

როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, თვითმმართველობის არჩევნების შედეგები თვითმმართველობის იქნება, ხოლო 31 ოქტომბერის – საპარლამენტო არჩევნების.

სარჯველაძის თქმით, არჩევნების გაყალბების მტკიცებას დასაბუთება სჭირდება, რაც ამ დრომდე არ მოუსმენიათ.

„თუ ვინმეს კითხვები აქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სისწორეზე, ამაზე შეთავაზება გაკეთდა დროებითი საგამოძიებო კომისიის სახით. სხვა გზა გაუგებარია. მათი ეს წინადადება ალოგიკურია. სწორი წინადადებაა, რომ ის მექანიზმები შეიქმნას, რითაც გარკვეული იქნება ის, რა არის ჭეშმარიტება. თუ ვინმე აპირებს, აპელირება მოახდინოს იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, ამას დასაბუთება სჭირდება, რაც ამ დრომდე არ მოგვისმენია“, – განაცხადა სარჯველიძემ.

შეგახსენებთ, დღეს „მოქაალაქეებისა“ და „გირჩის“ წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები გაიმართა.

„ვფიქრობთ, ადგილობრივი არჩევნები გამოვიყენოთ, როგორც ერთგვარი პლებისციტი. თუ მოიგო ოპოზიციამ, დაინიშნოს ახალი არჩევნები, თუ ვერ მოიგო, მაშინ დავანებოთ თავი ვადამდელ არჩევნებზე ზრუნვას, რადგან გამოვა, რომ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „გირჩის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ.