პაატა გურასპაული ბიძინა ივანიშვილზე: ყველა დარგი, სფერო და მთლიანად ქვეყნა უნდა იყოს მადლიერი ამ ქველმოქმედი ადამიანის, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა, საქართველო უკეთესი გამხდარიყო

პაატა გურასპაული ბიძინა ივანიშვილზე: ყველა დარგი, სფერო და მთლიანად ქვეყნა უნდა იყოს მადლიერი ამ ქველმოქმედი ადამიანის, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა, საქართველო უკეთესი გამხდარიყო

მადლიერების გამოხატვა ნებისმიერი ადამიანის მხრიდან ერთ-ერთი კეთილშობილური, სამართლიანი და ვაჟკაცური საქციელია. საქართველოში ყველა დარგი, სფერო და მთლიანად მთელი ქვეყნა უნდა იყოს მადლიერი ამ ქველმოქმედი ადამიანის, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა, რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესი გამხდარიყო, - ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი აზრით, ივანიშვილმა თავისი აქტივების უმეტესი ნაწილი „ქართუს“ გადასცა, რაც სწორედ სპორტს და ყველა იმ დარგს მოხმარდება, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ერთი მხრივ, შეიძლება ზოგიერთს იმის ფიქრმაც გაჰკრას, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლა პოლიტიკური ასპარეზიდან იყოს ნაკლებად შემხები სპორტის მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი ბოლო გადაწყვეტილება, როდესაც „ქართუს“ გადაეცა მისი აქტივების უმეტესი ნაწილი, სწორედ სპორტს და ყველა იმ დარგს მოხმარდება, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ბიძინა ივანიშვილს სრული უფლება ჰქონდა, თვითონ გადაეწყვიტა და შეერჩია ის დრო, როდესაც პოლიტიკიდან წავიდოდა. ის არსად წასულა, იგი არის საქართველოს შვილი, ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი საქართველოსთვის და ეჭვი არ მეპარება, რომ ბატონი ბიძინა იგივე შემართებით და ქველმოქმედებით გააგრძელებს თავისი ქვეყნის სამსახურს“, - განაცხადა პაატა გურასპაულმა.

ბიძინა ივანიშვილმა ქონების 95% საქველმოქმედო „ქართუ ფონდს“ გადასცა. მანამდე კი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.