შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ „მოქალაქეების“ წარმომადგენლებს, რომ შემოვიდნენ პარლამენტში

შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ „მოქალაქეების“ წარმომადგენლებს, რომ შემოვიდნენ პარლამენტში

ხშირად გვესმის რომ ეს პარლამენტი ძალიან მდორეა და არ მიდის მსჯელობა. მოვუწოდებ „მოქალაქეების“ წარმომადგენლებს, რომ შემოვიდნენ,- ასე პასუხობს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ პარლამენტში მისი პარტია სულ რომ მარტო შევიდეს, შევა, რადგან „მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე - გაბუტვისა და ზურგით დგომის დრო აღარ არის“.

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

„მეც რომ ვაკვირდები ჩვენი ოპონენტების განცხადებებს, ხშირად გვესმის, რომ ეს პარლამენტი ძალიან მდორეა და არ მიდის მსჯელობა. მოვუწოდებ შემოვიდნენ, მათ შორის, „მოქალაქეების“ წარმომადგენლებს. ვიცით, რომ მათ განათლების თემა აინტერესებთ. განათლების კომიტეტში ვარ, მობრძანდნენ ძალიან საინტერესო საკითხებზე ვმუშაობთ, მათ შორის, განათლების რეფორმის ახალ სტრატეგიაზე, რომელიც ჩვენი აზრით, უნდა იყოს ფართო კონსენსუსის საფუძველზე, ოპოზიციის ჩართულობით მიღებული.

შემოვიდნენ და ამ ისტორიულ საკითხებში მიიღონ მონაწილეობა, არ დარჩნენ განზე, ისე როგორც წინა პარლამენტის დროს, მაშინდელი ოპოზიცია“,-აცხადებს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა: პარლამენტში სულ რომ მარტო შევიდეთ, მარტო შევალთ, რადგან მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე - გაბუტვისა და ზურგით დგომის დრო აღარ არის.

ელისაშვილის აზრით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნა ერთმნიშვნელოვნად უპასუხისმგებლობაა.

ამასთან, მან ხაზგასმით თქვა, რომ ოპოზიციამ “ქართულ ოცნებას“ ხელიდან უნდა გამოგლიჯოს ის, რაც მოსაგლეჯია, რაც არის საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო წესების ძირფესვიანად შეცვლა. ელისაშვილის შეფასებით, საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო წესების შეცვლის გარეშე, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას აზრი არა აქვს.