ირაკლი კობახიძის დამსახურებაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო პერიოდის არჩევნებზე წარმატებას მიაღწია, - ამის შესახებ საპარლამენტი უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ყრილობაზე ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენაა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო, ირაკლი კობახიძეს განსაკუთრებული დამსახურება აქვს პარტიის სტრუქტურულ გაძლიერებაში. ვიცით, რომ ბოლო რამდენიმე არჩევნების დროს, იგი საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა და მისი პირადი დამსახურებაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო პერიოდის არჩევნებზე წარმატებას მიაღწია, მათ შორის 31 ოქტომბრის არჩევნებზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა შაბათს, 16 იანვარს გაიმართება. ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება. ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა.
პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი გამოაქვეყნა.