ბიძინა ივანიშვილი იყო ყინულმჭრელივით, ჭრიდა ყინულს, ყველა დარტყმას საკუთარ თავზე იღებდა. ჩვენ მას მივყვებოდით უკან, მშვიდად, ვიცოდით, რომ თავისი ერთი წინადადებით თუ არაორდინალური ქმედებით, შეეძლო, გამოესწორებინა ის, რაც ჩვენ ვერ გავთვალეთ, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
„თითქოს, ის გვიცავდა და იცავდა ქვეყანასაც. დღეს ასე აღარაა და ბუნებრივია, ამაში თავისი პლიუსიცაა. შედიხარ რეალურ გამოწვევებთან პირისპირ ბრძოლაში და აღარ გაქვს მოდუნების საშუალება. ეს ნამდვილად კარგი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ნორმალური ოპოზიცია გვეყოლებოდა. როცა შენი მთავარი ოპონენტი ძალაუფლების მანიაკების ხროვაა, არაორდინალურ ვითარებაში ხარ. როცა ასეთ არაორდინალურ სიტუაციაში, ბიძინა ივანიშვილის წონის პოლიტიკური ფიგურა გიდგას გვერდით თუ წინ მიგიძღვის, მაშინ გაცილებით ადვილია გამოწვევებთან ბრძოლა“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი გამოაქვეყნა.