გია ვოლსკი: ოპოზიციის გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველო მძევლად აიყვანოს და უნდა, რასაც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში იტყვიან, ის აღსრულდეს

გია ვოლსკი: ოპოზიციის გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველო მძევლად აიყვანოს და უნდა, რასაც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში იტყვიან, ის აღსრულდეს

ოპოზიციის გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველო მძევლად აიყვანოს - ფიქრობენ, რომ ყოველგვარი აპელაციის გარეშე, რასაც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში იტყვიან, ის უნდა აღსრულდეს, - ამის თაობაზე ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის შეფასებით, არსებული ვითარებიდან გამოსავალი იქნებოდა სამართლიანი შეფასების გაკეთება ყველა იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რაც ოპოზიციის ნაწილს გააჩნია.

„თუკი თავად ოპოზიცია ამ საკითხებში არ ერთვება, კომისია კომპეტენტური უნდა იყოს და მასში ჩაერთოს არა მარტო „ქართული ოცნება“, არამედ ექსპერტთა ჯგუფი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებელთა და სპეციალისტთა ჯგუფი. რა საკვირველია, ძალაში რჩება ჩვენი პირობა, რომ თუკი აღმოჩნდება, რომ ერთი პროცენტი მაინც არის გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, მაშინ საფუძველი ექნება ხელახალი ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეას, მაგრამ ასეთი სურვილი რომც გვქონდეს, ჰიპოთეტურად, რომ წარმოვიდგინოთ, თუ საფუძველი არ არსებობს, ხომ არ შეიძლება, მხოლოდ სააკაშვილის და ნათელაშვილის მოწოდებაზე იყოს დამყარებული საქართველოს ხვალინდელი დღე. ეს არის ვითარების მთელი ფორმულა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი ინიციატივები თავისი შინაარსით უპრეცედენტოა, არ ტოვებს შეკითხვებს, თუმცა მასზე ოპოზიციის პასუხი არის მხოლოდ ნეგატიური.

„მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი სულ მცირე საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახებს, რასთან გვაქვს საქმე. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაინახოს, ვინ არის დესტაბილიზაციის მომხრე და რა ემუქრება დასავლელი პარტნიორების ინტერესებს რეგიონში, თუკი ამ დესტრუქციულ პოლიტიკას ავყევით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.