ზუსტად ვიცი, რომ ის, ვინც პარლამენტში შემოვა, იქნება საქმის კეთებაზე აქცენტირებული და იმაზე, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ უხერხული სიტუაციიდან. არ გვაქვს დრო დაძაბულობის და რევოლუციური სცენარების, გამორიცხეთ ეს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უმრავლესობის წევრებისთვის არ არის კომფორტული პარლამენტში მარტო ყოფნა.
„მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ იმიტომ, რომ ჩვენთვის არ არის კომფორტული მარტო ვიყოთ პარლამენტში. ეს არ არის ნორმალური. ვერ ნახავთ ვერც ერთ დეპუტატს უმრავლესობიდან, რომელიც იტყვის, რომ ძალიან კმაყოფილია ამით, თუმცა ის გაუაზრებელი და უაზრო მოთხოვნები ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია, არ გამოვა, შეუძლებელია. ამის დრო არც ქვეყანას აქვს და არც მოცემულობაა ამის. რაც დარჩა, ეს არის საარჩევნო კოდექსზე მუშაობა, ჩვენ მზად ვართ. იმასთან, ვინც ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციულადაა განწყობილი, რომ საქმეზე, მიზანზე და ამოცანის გადაჭრაზეა ორიენტირებული, ჩვენ მეოთხე რაუნდიც გვქონდა და მეხუთეც იქნება, ბუნებრივია. ეს იანვრის თვეში იქნება თუ ხვალ, არის ალბათ, ორივე მხარეზე დამოკიდებული. ყოველშემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ.
ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ- ბიუჯეტიც მივიღეთ, მთავრობაც დავამტკიცეთ, არის ძალიან დიდი გამოწვევები, ტარიფის ნაწილშიც ხომ ნახეთ, სამი წელია კბილებით გვიჭირავს, რომ არ გაზრდილიყო, მაგრამ გუშინ მაინც მოხდა, თუმცა მყისიერად მოხდა უმრავლესობის შეკრება. მადლობა ფინანსთა სამინისტროს, რომელიც ამას მომზადებული შეხვდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მომავალ წელს ჩვეულებრივ მოქალაქეებს ტარიფი არ გაეზრდებათ”,- განაცხადა ზარქუამ.