ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველების დამატებითი შემოწმების დანერგვასთან დაკავშირებით, თბილისის აეროპორტს ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
2021 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ინერგება შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურა, შენგენის ზონის მოთხოვნებთან მათი საბუთების შესაბამისობის გადამოწმების მიზნით. ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ეწვია თბილისის აეროპორტს იმის გასაცნობად, თუ როგორ მოხდება შემოწმების ჩატარება და რა უნდა იცოდნენ ამასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებმა.
„უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმატებაა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება და უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირება. სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურის დანერგვა. ეს არ არის ახალი შეზღუდვა ან ახალი პირობა. სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ 2021 წლის 1-ელი იანვრიდან მგზავრების შემოწმება საქართველოდან მათ გამგზავრებამდე და არა მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში მათი ჩასვლის შემდეგ მოხდება. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსა და ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან აღნიშნული შემოწმებების მაქსიმალურად შეუფერხებლად, საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად ჩატარების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს, მომავალ წლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
2021 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა.