ესეც თუ არ მოგწონს, ესე იგი შარზე ხარ. გინდა, ბიძინა ივანიშვილმა დაურეკოს სააკაშვილს ან ბოკერიას და უთხრას, მოდი, გადაიბარე ძალაუფლება, - ამის შესახებ „ღამის კურიერის" ეთერში პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკების გაგრძელება აუციელებელია, რადგან არსებობს შანსი, რომ ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას" სერიოზულ დათმობებზე წამოსვლა აიძულოს.
ალეკო ელისაშვილმა ასევე ისაუბრა მომავალი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების რეალურობის შეფასებაზეც.
ალეკო ელისაშვილის თქმით, იდეასთან დაკავშირებით, რომელზეც საუბარი ოპოზიციაში მიმდინარეობს, მას სრულყოფილი ინფორმაციაც არ აქვს და ტყუილია, რომ აღნიშნულ იდეაზე მსჯელობა მასსა და მმართველ პარტიას შორის დაიწყო.
„ვერ გავიგე ერთი კვირაა ოპოზიციურ „ჩათებში“ არის რაღაცა აზრი, რაზეც ჩვენ გვლანძღავენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, შემოდგომაზე, „ქართული ოცნება" თუ აიღებს 48%-ზე ნაკლებს, მაშინ ეს ავტომატურად ჩაითვლება პლებისციტად და დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.
ვერაფრით ვერ გავიგეთ საიდან მოდის: ელჩების იდეაა, რომელიმე ოპოზიციონერის თუ „ქართული ოცნების"?! ეს არის ძალიან მაგარი იდეა და ამის გამო გვლანძღავენ ჩვენ. ამ იდეის გაფუჭება უნდათ. ვერაფრით წარმომიდგენია, დღეს მე და ლევანი ვჯუჯღუნებდით ოფისში, რომ რატომ ჩვენ არ მოგვივიდა ეს იდეა, რომ ჩვენი ინიციატივით ყოფილიყო. ეს არის კრიზისის განმუხტვის ყველაზე ეფექტური საშუალება. ორი რამ მაინტერესებს: ერთი, რომ პლებისციტს ხომ ვითხოვთ და აგერაა პლებისციტი. თვითმმართველობის არჩევნებზე 48% თუ კიდევ აიღო „ქართულმა ოცნებამ", მაშინ დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ, რას დავდივართ სტუდია-სტუდია?! თუ „ქართული ოცნების" იდეაა, ძალიან კარგია თუ ამაზე წამომსვლელები არიან. მოლაპარაკების მაგიდაზე არ გაგვიგია ასეთი ამბავი;
მეორე, მაინტერესებს ოპოზიციაში ამის საწინააღმდეგო რა ექნებათ. ესეც თუ არ მოგწონს, ესე იგი შარზე ხარ და გინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაურეკოს სააკაშვილს ან ბოკერიას და უთხრას, მოდი, გადაიბარე ძალაუფლება", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ოპოზიციის ნაწილი სწორედ პარტია „მოქალაქეების" ლიდერს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან" დამოუკიდებელ მოლაპარაკებებს მართავს.