მამუკა მდინარაძე: ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტი დაკორექტირდა

მამუკა მდინარაძე: ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტი დაკორექტირდა

ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ ეს არ შეხებოდა განსაკუთრებით იმ ფენებს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს დახმარება და გვერდში დგომა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„გადაწყვეტილება ჯერ საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ და შემდეგ ბიუჯეტის პროექტში აისახა. საქართველოს მოქალაქეებს დღესვე უნდა სცოდნოდათ, რომ 300 კვტ-მდე ელეტროენერგია დასუბსიდირებული იქნება. ასევე მოხდება საკვები პროდუქტების სუბსიდირება. წყლის ტარიფიც სუბსიდირებული იქნება სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის“, - განაცხადა მდინააძემ.

მისი თქმით სუბსიდირება სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლებლობების მაქსიმალურ ზღვარზე მოხდა. „ვიმსჯელეთ, ეს თანხები საიდან უნდა ყოფილიყო გამოყოფილი. მოხდა ბიუჯეტის პროექტის კორექტირება და რომელიმე მსხვილ პროექტს ეს რომ არ შეხებოდა. ფინანსთა სამინისტრომ იმუშავა, რომ თანხები სხვადასხვა სფეროდან წამოეღოთ, რომ სუბსიდირება მტკივნეული არ ყოფილიყო“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3,5 თეთრით გაძვირდა. ამასთან სემეკ-ის დადგენილებით, თბილისში მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი გაძვირდა.