სახელმწიფოს სუბსიდირების შედეგად, ელექტროენერგიის დენის ტარიფის მომატებას ერთი წლის განმავლობაში საქართველოში, დაახლოებით, 1,7 მლნ ოჯახი ვერ იგრძნობს, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მან განმარტა, გარდა სოციალური კომპონენტისა, თუ რას ეფუძნება ტარიფების განაწილება სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ტარიფებად.
„რაც უფრო დაბალ ძაბვით ხდება ელექტროენერგიის მიწოდება (და ჩვენ სახლებში დაბალ ძაბვაზე მოვიხმართ - ესაა 220 ვოლტი), უფრო ძვირი ჯდება, რადგან იმ ბევრი საფეხური უნდა გაიაროს. კომპანიას ამ დროს ბევრი ტექნიკური დანანაკარგი აქვს და 1კვ.სთ. ასეთი ელექტროენერგიის თვითღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე, მაგალითად, რუსთავის აზოტის ან ფოლადის ქარხანა, ან კიდევ ზესტაფონის ფეროშენადნობი მოიხმარს უფრო მაღალ ძაბვას. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის თითოეული კვ.სთ ელექტროენერგიის ღირებულება უფრო მაღალია, თუმცა სოციალური კომპონენტის გათვალისწინება ხდება. ამდენად, ჯერჯერობით გადანაწილება ისე ხდება, რომ მეტი წნეხი ბიზნესზე მოდის“, - განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, ეს გარკვეული გამოწვევაა, თუმცა აღნისნული პრაქტიკა დამკვიდრებულია ბევრ ქვეყანაშია. საქართველოში სახელმწიფო ამ შემთხვევაში სუბსიდირების კომპონენტით ერევა.
თურნავამ აღნიშნა, რომ შედეგად, მოსახლეობის 95%, რომლებიც თვეში 300 კვ.სთ ელექტროენერგიას მოიხმარს, ასეთი კი საქართველოში დაახლოებით, 1,7 მლნ ოჯახია, ერთი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის დენის ტარიფის მომატებას ვერ იგრძნობს.