პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

 

 

პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა. იქამდე, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებმა რიგგარეშე სესიაზე განიხილეს. ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები სესიაზე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წარადგინა.

მთავრობის მიერ დამუშავებული პროექტის მიხედვით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 1 662.2 მლნ ლარით და 16 758.1 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.

სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 2 460.7 მლნ ლარით იზრდება და 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს (წინა წარდგენებთან შედარებით, ასიგნებების მოცულობა 1 313.1 მლნ ლარით იზრდება). ჯამში ხარჯების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 221.9 მლნ ლარით იზრდება და 12 778.3 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის 890 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისი საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიისგან განსხვავებით, რომელშიც 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 5%-ის ფარგლებში იყო პროგნოზირებული, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში აღნიშნულია, რომ არსებული პროგნოზების მიხედვით, 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 4.3%-ის ფარგლებში.