თეა წულუკიანი: გაერთიანებული ოპოზიცია არ არსებობს და არც არასდროს არსებულა

თეა წულუკიანი: გაერთიანებული ოპოზიცია არ არსებობს და არც არასდროს არსებულა

გაერთიანებული ოპოზიცია არ არსებობს და არც არასდროს არსებულა, მისი შემადგენელი პოლიტიკური პარტიები მარტივ მამრავლებად იშლებიან, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამწუხაროდ, ვერ ვიწანასწარმეტყველებ და ვერ გეტყვით, მეხუთე რაუნდი იქნება თუ არა დასკვნითი, მაგრამ მთავარია ის, თუ რა სულისკვეთებით მონაწილეობენ მმართველი პარტია და მისი წარმომადგებლები ამ რაუნდებში.

სულისკვეთება არის ის, რომ იქნებ გაუჩნდეთ პარლამენტში შემოსვლის სურვილი ოპოზიციის ამა თუ იმ წარმომადგენელს, პარტიებს ან ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც არ არსებობს და არც არასდროს არსებულა, ამას უკვე ფაქტებით ვხედავთ. დღე ერთია და მისი შემადგენელი პოლიტიკური პარტიები მარტივ მამრავლებად იშლებიან.

როცა დღეს ფინანსთა მინისტრი მომავალი წლის ბიუჯეტზე საუბრობს, იქნებ გაუჩნდეთ სურვილი, დასვან ის საჭირბოროტო კითხვები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, რომ მათ აქვთ, მაგრამ მათ ამ კითხვების დასასმელად ვერ მოიცალეს, არ მოიცალეს და ქუჩა არჩიეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ოპოზიცია და მმართველი გუნდი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინში არიან. მხარეები იმედოვნებენ, რომ პოზიციების დაახლოებას შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ახალი არჩევნები სურთ, „ქართულ ოცნებას“ კი, - შეთანხმება არჩევნების გარეშე. მოლაპარაკებების შუამავალმა ელჩმა მხარეებს მკაფიოდ უთხრა, რომ უნდა გადაწყვიტონ, როგორ მიაღწიონ შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეხუთე რაუნდი ეფექტური ვერ იქნება.