ბიუჯეტი არის ოპტიმალური. თუ ვინმეს აქვს საკრიტიკო ან უკეთესი წინადადება, მზად ვართ, მოვისმინოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით დესტრუქციული შემოტევების გარდა, სამწუხაროდ, ვერაფერს ვხედავთ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ განუცხადა.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, 2021 წლის ბიუჯეტის ორი მთავარი მიმართულება ადამიანების გაფრთხილება და ეკონომიკური თვალსაზრისით მდგომარეობიდან მინიმალური დანაკარგებით გამოსვლაა.
„რთული პერიოდი გველოდება. ფაქტია, რომ ბიუჯეტი არის ორიენტირებული ორ მთავარ ამოცანაზე: ერთი არის ის, რომ გადავარჩინოთ და მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ადამიანური დანაკარგების კუთხით. ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს გავუფრთხილდეთ და ბიუჯეტი ამისკენ იქნება მიმართული. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომ გადავარჩინოთ და მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ეკონომიკაში ისე, რომ როდესაც საშუალება გვექნება ამ პანდემიისგან გავთავისუფლდეთ, განახლება, აღორძინება, განვითარება გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით მოხდეს“,- განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, რომ პლენარული სხდომის ფორმატში, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მთავარი ფინანსური დოკუმენტი კენჭისყრაზე დღესვე დადგება. ბიუჯეტის პროექტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი წარუდგენს.
მთავრობის მიერ გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 16 758.1 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება. ასიგნებების მოცულობა 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს. ჯამში ხარჯების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 221.9 მლნ ლარით იზრდება და 12 778.3 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის 890 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისი საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.