დიდ სავაჭრო მოლებში კარგად არის წესები დაცული, დისტანცია, ნიღაბი. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ გართულებას არ ველოდებით. შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთა და ამას ჩვენი შეფასება არ სჭირდება, ყველა ხედავს, როგორი იყო მის გარშემო ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში ავადობა და როგორი არის დღეს. ეს ყველაზე კარგად იგრძნეს ჩემმა კლინიცისტმა მეგობრებმა, რომელთაც ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
იმნაძის თქმით, შემთხვევების რაოდენობამ იანვარში შესაძლოა მოიმატოს, რაც მისივე აზრით საახალწლოდ მოსახლეობის მობილობის გაზრდით იქნება გამოწვეული.
„თუმცა ეს ყველაფერი არ არის სტაბილური და მყიფეა. არ მგონია, რომ მაღაზიებმა და ვაჭრობამ დიდად გაზარდოს შემთხვევები. მე ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი, როდესაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ძველებურად შეეცდება შეხვდეს ახალ წელს და მოინახულოს თავისი ახლობლები. ეს მაშინებს ყველაზე უფრო, ამიტომ შესაძლოა 10-დან 20 იანვრამდე შემთხვევებმა მოიმატოს“, - განაცხადა იმნაძემ.