ირაკლი კობახიძე: ISFED-ის ხელმძღვანელმა ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს ბოდიში უნდა მოუხადოს რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის

ირაკლი კობახიძე: ISFED-ის ხელმძღვანელმა ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს ბოდიში უნდა მოუხადოს რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის

ISFED-ის ხელმძღვანელმა უნდა აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი და ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის, - ამის შესახებ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ განვახორციელეთ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ შეტანილი სარჩელებისა და გასაჩივრებული უბნების მონაცემების საფუძვლიანი ანალიზი და დავადგინეთ, რომ ბიულეტენების სიჭარბე ამ ორგანიზაციის მიერ დათვლილი საარჩევნო უბნების არათუ 8, 1%-შიც კი არ დაფიქსირებულა. PVT-ის დეტალური ანგარიშის თანახმადაც, ბიულეტენების მეტობა 1000-მდე დათვლილი უბნიდან მხოლოდ 8 უბანზე აღინიშნა, საიდანაც მეტ-ნაკლებად არსებითი დისბალანსი მხოლოდ 3 უბანზე დაფიქსირდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საარჩევნო უბნებთან მიმართებით, ცესკომ დააკმაყოფილა „სამართლიანი არჩევნების“ ყველა სარჩელი, უზრუნველყო შედეგების გადათვლა და ხარვეზის გასწორება. 17 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე და მოგვიანებითაც, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მოეცა განმარტება ზემოაღნიშნულ 8%-იან მაჩვენებელთან დაკავშირებით, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მისი პასუხები ისეთივე სუსტი იყო, როგორც PVT-სთან დაკავშირებით. „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელისგან მოვითხოვთ, უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების (8%-ის) ჩამონათვალი, სადაც მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უნდა აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი და ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის. PVT-ის გადამოწმების მსგავსად, ამ ხარვეზის გადამოწმებასა და შესაბამისი უბნების მონაცემების გამოქვეყნებასაც ზუსტად ერთი დღე ესაჭიროება. იმედი გვაქვს, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამ მონაცემების გასაჯაროებასა და უხეში ხარვეზის აღიარებას ისინი 3-4 კვირას არ მოანდომებენ. ორგანიზაციის დონორებს ვთხოვთ, დაინტერესდნენ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ კიდევ ერთი უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიზეზითა და მოტივით“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.