ისტორიკოსი ზურა დათუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ვერ დავდებ თავს, რომ მაინცდამაინც ქუთაისელების მოგონილია, მაგრამ პირველად ჩემს მშობლიურ ქალაქში მაქვს მოსმენილი ასეთი კვიმატი მიმართვები:
-ბრატ, შენ არც ისეთი ბრიყვი ყოფილხარ, როგორც გამოიყურები...
-ბიჯო, შენ იმაზე უარესი ბრიყვი ყოფილხარ, ვიდრე გამოიყურები.
მოკლე ფრაზაში ასეთი მასშტაბის და გამანადგურებელი ირონია იშვიათად თუ ჩაუტევია ვინმეს.
ყოველივე ეს ჩვენი ნავაგლახარი პოლიტიკის ოპოზიციურ სპექტრთან დაკავშირებით გამახსენდა.
მოდი, ღლიცინის გარეშე, სერიოზულად დავფიქრდეთ, - რა გათვლამ და მოტივაციამ განაპირობა ამ ჭრელი მასის მიერ პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილების მიღება.
პრინციპის ერთგული ჯამაათია? არა. ეგენი ხომ სამი ათეული წელია, ჩვენს თვალწინ იზრდებიან და ისვრებიან. ხომ ყველამ კარგად ვიცით, რა მორალისა და პრინციპების პატრონები არიან?
მამულზე ფიქრში ჩამომდნარ- ჩამოღვენთილებს სავარძელი და ერის რჩეულის მსუყე სტატუსი არაფრად უღირთ?
ამ სავარძლებისა და სტატუსისთვის არ იკლავენ თავს? ამისთვის არ დახარჯეს ჯორკიდებული ფარა საარჩევნოდ და თუ არა პარლამენტარის თბილი სავარძელი, დანახარჯი უკან როგორ უნდა ამოიგონ?
დასავლეთის თვალში აპირებენ მმართველი გუნდის გაშავებას, მის ავტოკრატორად წარმოჩენას და ერთპარტიული პარლამენტის გამო პასუხისმგებლობის აკიდებას?
მაშინ რით უნდა აიხსნას, რომ არჩევნებში მიღებული ხმების გადათვლაზე თვითონვე ამბობენ უარს და ტელეეკრანიდან იმავე დასავლეთის გინებით ენებზე ცხრაპირი კანი გადაიძვრეს უკვე?
პანდემიისა და მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ახალი რევოლუციური ტალღის აგორებას აპირებენ?
შეიძლება ხმამაღლა არ თქვან, მაგრამ საკუთარ გულებში ხომ იციან, რომ რევოლუციური სცენარისთვის საჭირო კრიტიკულ მასას ქუჩაში ვერასოდეს გამოიყვანენ. მათ მიერ ხალხში დათესილი ზიზღი კიდევ დიდხანს გაჰყვება მეხსიერებას და თუ ნაცრისფერი რეალობა ვარდისფერ სასურველად ეჩვენებათ, კიდევ უფრო მძიმედ ყოფილა საქმე, ვიდრე გარედან ჩანს.
მაშ რა?
გამარჯვებაში წინასწარ დარწმუნებულები განცდილი მარცხისგან შოკში არიან და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ?
რომელიმე გარე ძალას (ნეტავ რომელს?) აგრძნობინებენ, - ყველანი ერთად ვართ, შენ პირველი ნაბიჯი გადადგით და შიგნით ჩვენ ვიცითო?
იმდენი მამა უცხონდათ, სანამ მაგათთვის, ბოდბისხეველი ფარსადანის მსგავსად, ჩინი და ტემლაკები არავინ გაიმეტოს.
ან, იქნებ, იმას ელოდებიან, გაპანღურებული ფომა ფომიჩის მსგავსად (დოსტოევსკის გენიალური მოთხრობიდან - "სოფელი სტეფანჩიკოვო და მისი მკვიდრნი") სახლის პატრონები დაუჩოქებენ და უკან დაბრუნებას თხოვენ?
ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ პარლამენტის გარეთ დარჩენით თვითონვე უწყობენ ხელს საკუთარი თავის მარგინალიზაციას და "მთავრის" სტუდიაში გულის ფხანით სანახევროდაც ვერ აანაზღაურებენ ამ დანაკლისს?
----------------------------------------
დიდი ხნის წინ ტიუტჩევმა დაწერა საოცარი სიტყვები - უმომ როსსიუ ნე პონიატ...
ხან აქედან შემოვუარე, ხან იქიდან, აფთიაქის სასწორზე სულ მისხალ-მისხალ ავწონე, მაგრამ, ტიუტჩევის მსგავსად, გონებისა და ანალიზის გზით ამ ოპოზიციის ქმედება ვერანაირად ვერ ავხსენი.
ჰოდა, ახლა თვითონ განსაჯეთ, რასთან გვაქვს საქმე: ეს პატივცემული გვამები არც იმდენად ბრიყვები არიან, როგორც გამოიყურებიან, თუ იმაზე მეტად ბრიყვები, ვიდრე სიფათებზე ახატიათ“?