რამდენად გამოხატავს გვარამიას ანტიდასავლური განცხადებები „ნაცმოძრაობის“ პოზიციას და რა შეიძლება ამას მოჰყვეს

რამდენად გამოხატავს გვარამიას ანტიდასავლური განცხადებები „ნაცმოძრაობის“ პოზიციას და რა შეიძლება ამას მოჰყვეს

„მე არ მგონია, რომ ამან ოპოზიციის იმიჯზე და დასავლეთთან მის ურთიერთობაზე დადებითად იმოქმედოს და სამომავლოდ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ დასავლეთი დაფიქრდეს იმაზე, რომ არის კი „ნაცმოძრაობა" ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აქამდე საქართველოში მათ ერთგვარ საყრდენად ითვლებოდა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „მთავარი არხის" ხელმძღვანელის მიერ მისივე ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ განცხადებებს და „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გია ბარამიძის მიერ მის საჯაროდ მხარდაჭერას.

„ეს ხელისუფლება დაემხობა აუცილებლად და ეს ელჩები ბოდიშს მოიხდიან ქცევის გამო, რომელიც არის ანტიქართული. არ მჭირდება არავის დაცვა, თუ ციხეში უნდა წავიდე, წავალ. ეს იქნება პატივი ამ ხელისუფლების მიერ, რადგან ყველა ნორმალური ადამიანი ზის ციხეში.

„რუსეთისგან კილერით დევნილ გიორგი გაბუნიას რომ ამერიკის ვიზას არ აძლევს და თავისი ხელიდან სასიკვდილოდ იმეტებს, აი, ესაა დღევანდელი ამერიკის ელჩი. არც ესაა სირცხვილი? არც ეს არ უნდა ითქვას? აქაც ნამუსი უნდა შევუნახოთ იმიტომ, რომ ამერიკის ელჩია? არა, ბატონებო! სიმართლე სიმართლეა, გინდა ამერიკელს ეხებოდეს, გინდა ფრანგს და გინდა გერმანელს", - აცხადებს გვარამია.

მას „ფეისბუქზე" მხარდაჭერა „ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ გამოუცხადა: „ნიკა გვარამია, ძალიან მაგარი კაცი და მებრძოლი პატრიოტი ხარ".

ანჯაფარიძის თქმით, შესაძლოა ნიკა გვარამია იმას ახმოვანებს, რაზედაც „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები შიდა წრეში საუბრობენ და ფიქრობენ. აქედან გამომდინარე კი დასავლეთმა შესაძლოა „ნაცმოძრაობის" მიმართ თავისი დამოკიდებულება მკვეთრად შეცვალოს

„თუ გვარამიას ეს განცხადებები ბარამიძემ მოუწონა, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად პარტიის პოზიციაც ალბათ არის. თუმცა, პარტიის სხვა ლიდერებს ამის თაობაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ, არადა წესით მყისიერი განცხადება უნდა გაეკეთებინათ.

„საქმე ისაა, რომ ნიკა გვარამია ოფიციალურად „ნაცმოძრაობის" წევრი არაა, ის ფორმალურად ტელევიზიის დირექტორად ითვლება და ერთგვარი თავისუფლება აქვს, რომ აკეთოს ის განცხადებები, რასაც აკეთებს. შესაძლოა ბარამიძე და სხვები მისი განცხადების პათოსს იზიარებენ, მაგრამ აქ გვარამია სარგებლობს იმით, რომ ის მედიასაშუალების ხელმძღვანელია, აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და გამოხატავს. მაგრამ ვინც მეტ-ნაკლებად პოლიტიკაშია ჩახედული და ამ ტელეკომპანიის და თავად ბატონი გვარამიას პოლიტიკური აფილაციის მიმართულება იცის, მიხვდება, რომ ფაქტიურად შეიძლება გვარამია იმას ახმოვანებს, რაზედაც ალბათ „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები შიდა წრეში საუბრობენ და ფიქრობენ.

„მე არ მგონია, რომ მისმა ასეთმა განცხადებებმა ოპოზიციის პოლიტიკურ პოზიციებზე, იმიჯზე და დასავლეთთან ურთიერთობაზე დადებითად იმოქმედოს და სამომავლოდ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ დასავლეთი დაფიქრდეს იმაზე, რომ არის კი „ნაცმოძრაობა" ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აქამდე საქართველოში მათ ერთგვარ საყრდენად ითვლებოდა და კვლავაც შეიძლება თუ არა ის განხილულ იქნეს ასეთად, იმიტომ, რომ ისეთი განცხადებები, რომელიც „ნაცმოძრაობასთან" მჭიდროდ აფილირებული პირისგან ისმის, ეს ყველასთვის გასაგებია რასაც გამოიხატავს და ვის პოზიციასაც გამოხატავს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.