„ცალკე მესამე მსოფლიო ომია, ეს კორონა როგორც გვებრძვის, ძალიან კარგი ხალხი ვართ, მაგრამ ეტყობა პირველობა ისე გვაქვს ჩვენს ერს გამჯდარი, თითოეულ ჩვენგანს, რომ ღმერთმა დაგვამშვიდოს. გადავაბიჯოთ საკუთარ ამპარტავნებას. საქართველოზე წინ არავინ არ დგას. ამ სიტუაციაში ყველა მხარე ქართული მხარეა, ძალიან კარგად ვამჩნევ მტყუანს და მართალს, მაგრამ დღეს ისეთი პერიოდია, ვერც ერთ მხარეს ვერ დავიჭერ“, - ამ სიტყვებით დაიწყო ქადაგება დღეს მეუფე იაკობმა ბოდბის დედათა მონასტერში.
ბოდბელი ეპისკოპოსი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და ერს შერიგებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მისი თქმით, ცალ-ცალკე ვერავინ გაიმარჯვებს, ამიტომ მთავარია ერთმანეთი არ დავამარცხოთ და სიყვარულმა გაიმარჯვოს.
„ჩემი დიდი სურვილია ქართველები უფალმა გაგვაერთიანოს. ერთმანეთთან ცხოვრება და სიყვარული უნდა ვისწავლოთ. კორონას კი დავამარცხებთ, მაგრამ მთავარია ერთმანეთი არ დავამარცხოთ და სიყვარულმა გაიმარჯვოს.
რას დავემსგავსეთ ეს კაცობრიობა ?! ადამიანი გარდაიცვლება ხოლმე, სასახლე რომ აუწიონ კაცი არ მიდის, ეშინიათ. შვილები მყავს, ასე ვარ ისე ვარ. ექიმებს შვილები არ ჰყავთ, ექიმებს ცხოვრება არ აქვთ, ექიმებს სიცოცხლე არ აქვთ?! სად არის ჩვენი ქართველობა და ქრისტიანობა?! გარდაიცვლება და რაღაც ამოვთხრით ტრაქტორებით, ჩავყრით იქ , ნომერს მივანიჭებთ და ეს არის კაცობა?! ჩვენ ის ერი არ ვართ ომში რომ მივდიოდით, ჩვენზე ძლიერებიც მოდიოდნენ მკლავითაც, ყველაფრით, მაგრამ სულით ძლიერები ყოველთვის ვიყავით! ამიტომ უნდა შევეცადოთ ადამიანობა არ დავკარგოთ.
ჩემ ერს მოვუწოდებთ შევრიგდეთ! თუ არ შევრიგდით არაფერი არ გამოვა, ცალ-ცალკე ვერავინ ვერ გაიმარჯვებს შანსი არ არის. ადრე თუ გვიან ყველა მოვკვდებით, ყველა გავალთ ამ ქვეყნიდან, არც სკამი შეგვრჩება და არც ეპისკოპოსებად გავალთ, არც ქვეყნის მმართველებად, არც პოზიციად და არც ოპოზიციად, წარვდგებით, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი, არავითარი რეგალიები არ გაგვყვება“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.