ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას ყველაფერი თავზე ჩამოენგრა. PVT-ის ცდომილება მთავარი საყრდენი იყო იმაზე სასაუბროდ, რომ არჩევნები გაყალბდა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას ყველაფერი თავზე ჩამოენგრა. PVT-ის ცდომილება მთავარი საყრდენი იყო იმაზე სასაუბროდ, რომ არჩევნები გაყალბდა

„არჩევნები არ გაყალბებულა და რასაც ამდენი ხნის განმავლობაში უტიფრად ედავებოდნენ თამარ ჟვანიას, ცესკოს და საარჩევნო ადმინისტრაციას, ყველაფერი სიყალბე აღმოჩნდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, „ოპოზიციას ყველაფერი თავზე ჩამოენგრა მარტივი შეჭმარიტების გაცხადებით“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, PVT-ის ცდომილება მთავარი საყრდენი გახდა, მათ შორის სახალხო დამცველისთვის, იმაზე სასაუბროდ, რომ არჩევნები გაყალბდა.

„იცით, რომ გუშინ Isfed-ს თავს დაესხნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. იყო სერიოზული შტურმი, ათასი ბრალდება და ასე შემდეგ. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმალურად რბილი განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა სერიოზული შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქმის თვენახევრის განმავლობაში დაგვიმალეს PVT-ის მონაცემები.

მიუხედავად ამისა, გავუფრთხილდით არასამთავრობოებს, ზოგადად არასამთავრობო სექტორს და გვქონდა საკმაოდ მოზომილი განცხადებები Isfed-თან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მათი რეაქცია, ამასთან დაკავშირებით იყო არასწორი და არაადეკვატური - ანუ არ შეესაბამება პრობლემას, რომელიც შეიქმნა არასწორი PVT-ის გამოქვეყნების საფუძველზე. რეალურად, საუბარი იყო ქვეყნის აყირავების რისკზე.

ქვეყნის აყირავება შეიძლებოდა გამოეწვია იმას, რომ PVT ასცდა ცესკოს მონაცემებს. ყველა ელოდება ხოლმე PVT-ის არჩევნების დღეს და იქ ცდომილება ნიშნავს, რომ არჩევნები გაყალბდა და დღეს, როდესაც საუბარია თუნდაც შეცდომასა და ხარვეზზე, ამაზე სხვანაირად უნდა იყოს საუბარი და არა შეტევის ფორმით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ განმარტავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.