ირაკლი კობახიძე: საუბრები ბიულეტენების ჩაყრაზე აბსურდია, რადგან 2 მილიონი ბიულეტენიდან მეტობამ 25 შეადგინა

ირაკლი კობახიძე: საუბრები ბიულეტენების ჩაყრაზე აბსურდია, რადგან 2 მილიონი ბიულეტენიდან მეტობამ 25 შეადგინა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 2 მილიონი ბიულეტენიდან ქვეყნის მასშტაბით მეტობა იყო 25 ბიულეტენი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 მილიონი ხელმოწერის პირობებში 25 ჯერ გამორჩათ, ან გამოატოვებინა ოპოზიციის წარმომადგენელმა რეგისტრატორმა ხელმოწერა საარჩევნო სიაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„როცა საუბარია ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) დასკვნასა და განცხადებებში ბიულეტენების ჩაყრაზე, 25 ბიულეტენის ჩაყრას ჰქვია ჩაგდება... ეს სრული აბსურდია“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 ათასი ბიულეტენის ნაკლებობა ფიქსირდება. „როგორ შეიძლება ნაკლებობა გამოიწვიო ხელოვნურად - შედის ამომრჩეველი უბანზე, აწერს ხელს ყველაფერზე, შედის კაბინაში და საბოლოო ჯამში ბიულეტენს საარჩევნო ყუთში არ აგდებს, იდებს ჯიბეში და მიაქვს სახლში. იგივე მეორე ტურის დროს, ოპოზიციამ გარეთ გამოიტანა ბიულეტენები, იმისთვის რომ წაეწერა ზედ, რომ იყო საჯარო მოსამსახურე, ძალით უნდა მიეცა ხმა და არ მისცა და ბიულეტენი გარეთ გამოიტანა. მათ ასეთი ბიულეტენები გამოფინეს სოციალურ ქსელში. ნებისმიერი ასეთი გამოტანილი ბიულეტენი ნიშნავს დისბალანსს საარჩევნო უბანზე“, - აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია საბაბად იყენებს, რომ რაღაც გაყალბდა ამ დისბალანსის გამო თუმცა მათ ეს ძალიან კარგად იციან, რომ ტყუილია. „სტატისტიკაც ხო უნდა დაადარო ერთმანეთს, რომელიც წინა არჩევნების იდენტურია“, - აღნიშნა კობახიძემ.