ვახტანგ მეგრელიშვილი: ISFED-ის დასკვნა ბევრი პარტიისთვის იყო არგუმენტი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის პროცესში

ვახტანგ მეგრელიშვილი: ISFED-ის დასკვნა ბევრი პარტიისთვის იყო არგუმენტი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის პროცესში

თუ რამე მოახდენს გავლენას მეხუთე რაუნდზე და მოლაპარაკებებზე, ეს არის „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნა და „ქართული ოცნების“ რაღაცნაირი რეაქცია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“, სავარაუდოდ, „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნის შინაარსის მოლოდინი ჰქონდა და ისეთი განცხადებები გააკეთა, როგორ შეიძლება თავად მოლაპარაკებების პროცესს ამან ხელი არ შეუშალოს.

„მე დაველოდები ორშაბათს, რადგან პროცესების განვითარება გველოდება წინ. ფაქტობრივად, „გირჩი“ იყო ერთადერთი პარტია, რომელიც არ მოითხოვდა ვადამდელ არჩევნებს. ჩვენ ჩვენი რაღაც გვინდოდა და ოპოზიციას ვეთანხმებოდით, რადგან ასეთი იყო გარემოებები, მაგრამ „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნა ძალიან ბევრი პარტიისთვის იყო არგუმენტი ამ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის პროცესში. შესაბამისად, ახლა როგორი იქნება ბრძოლის სტრატეგია ადამიანების, რომლებიც კონკრეტულად ამაზე აპელირებდნენ, მათ თავად მოუწევთ განსაზღვრა. ქვეყანაში, რომელშიც მართლა არ გვაქვს სანდო ინსტიტუტი, სასამართლო რომ გვქონოდა, საერთოდ არ მოგვიწევდა მსგავსი პროცედურების გავლა და კვლევებზე დაყრდნობით განცხადებების გაკეთება. შესაბამისად, ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის სანდოობა. ის, რომ რომელიღაც კვლევამ ხელისუფლებისთვის უკეთესი მაჩვენებელი დადო, ვერ გადაფარავს იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე მთავარ ოპოზიციურ პარტიას ემუქრება გაუქმებით, რაც არ უნდა იყოს ამ აზრის უკან, ეს უბრალოდ შეუძლებელია ხდებოდეს ნორმალურ ქვეყანაში“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ განმარტავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.