ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება ჩაერიოს საარჩევნო პროცესში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ფეისბურგი“ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვხედავდით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ერთ-ერთი პარტიის წინასაარჩევნო პროცესს მართავდა უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. თუკი ვთანხმდებით იმაზე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე არ უნდა იყოს ჩართული, დღევანდელი კანონმდებლობით ერთად-ერთი სანქცია არის თვითონ ამ პირს მიმართ, რომელთანაც სახელმწიფოს წვდომა არ აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს პროცესი რომ აღიკვეთოს, საჭიროა კანონის ეფექტიანი აღსრულება. „თუკი ვერ ვასრულებთ კანონს, მაშინ უნდა ვიფიქროთ რა არის ამის პრევენცია და იმ პარტიაზე, რომელიც იყენებს უცხო ქვეყნის მოქალაქეს საარჩევნო პროცესში, უნდა გავრცელდეს სხვადასხვა სანქცია. ეს გულისხმობს არა პარტიის რეგისტრაციის, არამედ საარჩევნო რეგისტაციის გაუქმებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
9 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.