დღეს საღამოს ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა თავისი შესწორებული ანგარიში, რითაც დადგინდა, რომ ცესკოს შედეგები სინამდვილეში თანხვედრაშია ISFED-ის პარალელური ხმის დათვლის მონაცემებთან. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი ყველა ჯანსაღი ოპოზიციური პარტიისთვის, გამოვიდნენ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შექმნილი ჩიხიდან და შეუდგნენ ამომრჩევლისგან დაკისრებული ვალდებულების შესრულებას, - წერს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
„დღეს მნიშვნელოვანი დღე იყო. დღე, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაჩნდა შანსი, საქართველო შედგეს ღია, მრავალფეროვანი საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყნად. საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებზე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია – პარლამენტი იყოს მრავალპარტიული. ეს ოპოზიციის შანსია, რომ აქტიური როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი ხვალინდელი დღის უზრუნველყოფაში. ჩვენ გვინდა პოლიტიკა ვაკეთოთ ისეთ პარტიებთან, რომლებიც არ არიან პოლიტიკური მძევლები და გააჩნიათ თავისი ჩამოყალიბებული პოზიცია. მოგიწოდებთ, ადეკვატურად შევაფასოთ მოცემული რეალობა - ჩვენ ყველამ, მიღებული მანდატების რაოდენობის მიუხედავად, გავიმარჯვეთ, გვაქვს მრავალფეროვანი პარლამენტი. მოლაპარაკებებიც უნდა გაგრძელდეს, საარჩევნო რეფორმაზე ერთობლივი მუშაობაც და ყველაფერი ის, რისი მოლოდინიც ჩვენგან ამომრჩეველს აქვს“ - წერს კახა კალაძე.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება განმარტავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.