შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ თავიდანვე ძალიან კარგად იცოდა, რომ არანაირი გაყალბება არ მომხდარა და ამომრჩეველთა ნება ზუსტად იყო ასახული

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ თავიდანვე ძალიან კარგად იცოდა, რომ არანაირი გაყალბება არ მომხდარა და ამომრჩეველთა ნება ზუსტად იყო ასახული

გამოვთქვით მზადყოფნა, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შეგვესწავლა არჩევნების შედეგები და დაგვენიშნა რიგგარეშე არჩევნები, თუ 1%-იანი გადახრა მაინც დაფიქსირდებოდა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. თუმცა ოპონენტებმა თავიდანვე ძალიან კარგად იცოდნენ, რომ არანაირი გაყალბება არ მომხდარა და ამომრჩეველთა ნება ზუსტად იყო ასახული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ფეისბურგი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ზოგადად, არჩევნების შემდეგ საინტერესო პერიოდი გვქონდა, როდესაც ვხედავდით, როგორ იქმნებოდა ყალბი ისტორია გაყალბებული არჩევნების შესახებ. თავიდან ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იყო, ოპონენტები ასახელებდნენ სხვადასხვა მონაცემს, საუბარი იყო ათობით ათასი ბიულეტენის შესახებ. შემდეგ ჩვენც შევეცადეთ, გაგვერკვია ყველაფერი და უფრო სანდო რიცხვები მიგვეწოდებინა მოსახლეობისთვის. ყველამ დაინახა, რომ არაფერი განსაკუთრებული ამ არჩევნებზე არ მომხდარა. ამის შესახებ ისაუბრეს მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებმა, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ამის შემდეგ თითქმის ყველა მოუწოდებდა ოპოზიციას, რომ შევიდნენ პარლამენტში. გარკვეულწილად, ოპოზიცია თავისი რადიკალური განცხადებების ტყვეობაში აღმოჩნდა, ვინაიდან არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე საათში მათ უკვე საპროტესტო აქციები წამოიწყეს. საბოლოო ჯამში, დღესდღეობით მზად ვართ, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შეგვესწავლა არჩევნების შედეგები და დაგვენიშნა რიგგარეშე არჩევნები, თუ 1%-იანი გადახრა მაინც დაფიქსირდებოდა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. თუმცა მათ თავიდანვე ძალიან კარგად იცოდნენ, რომ არანაირი გაყალბება არ მომხდარა და ამომრჩეველთა ნება ზუსტად იყო ასახული. ამასთანავე, ვუყურებთ იმასაც, როგორი დაპირისპირებაა ოპოზიციის შიგნით. არჩევნებამდე ისინი საუბრობდნენ გამარჯვებაზე და კოალიციის ჩამოყალიბებაზე, მაგრამ აქედანვე ჩანს, რომ არანაირ კოალიციაზე ფიქრი არ ყოფილა, მიზანი იყო მხოლოდ სიტუაციის არევა, შემდეგ კი 1-2 პარტია ძალაუფლების მოპოვებას შეეცდებოდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.