რადიკალური ოპოზიცია უკვე დიდი ხანია არ ცნობს არცერთ ქართულ დემოკრატიულ ინსტიტუტს და ახლა უკვე ღიად გაილაშქრეს საერთაშორისო ინსტიტუტების წინააღმდეგაც, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, ამ პოლიტიკური ძალის მხრიდან საქართველოს დასავლელ მეგობრებზე თავდასხმები სულ უფრო ხშირდება.
„შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავლენენ ეუთო/ოდირის საარჩევნო ანგარიშის მიმართ, რუსეთის აგენტად გამოაცხადეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ა.შ. დასავლურ ინსტიტუტებზე გახშირებული თავდასხმების კულმინაცია იყო გუშინდელი ანტიდასავლური - ანტიამერიკული და ანტიევროპული ეთერი, სადაც გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები მოლაპარაკებების ფასილიტატორი ელჩების, აგრეთვე, ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიმართ. გუშინდელი ეთერი, რომელშიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ერთმანეთის მხარდამხარ ეწეოდნენ გაერთიანებული რუსული ოპოზიციის წარმომადგენლები - ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, გიგი უგულავა, ნატო ჩხეიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი გუგავა, ეკა ბესელია, ნინო ბურჯანაძე, იყო ანტიდასავლური პროპაგანდისა და დასავლური ინსტიტუტების წინააღმდეგ ე.წ. რბილი ძალის გამოყენების კლასიკური ნიმუში“, - განაცხადა კობახიძემ.
გუშინ ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა და დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ მოლაპარაკებების ფასილიტატორი ელჩები გააკრიტიკა.