არსებობს საკვანძო და რთული საკითხები, რომელზეც პოზიციების დაახლოება ჯერჯერობით ვერ ხერხდება - ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი სავარაუდოდ დღეს გაიმართება

არსებობს საკვანძო და რთული საკითხები, რომელზეც პოზიციების დაახლოება ჯერჯერობით ვერ ხერხდება - ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი სავარაუდოდ დღეს გაიმართება

ოპოზიცია აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" საკვანძო საკითხებზე კომპრომისზე უნდა წავიდეს, თუ ეს არ მოხდება, მათი თქმით, მოლაპარაკების პროცესი წარმატებულად ვერ დასრულდება.

"პროცესი მიმდინარეობს ძალიან რთულად, იმიტომ რომ არსებობს საკვანძო და ძალიან რთული საკითხები, რომელზეც პოზიციების დაახლოება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამის გარეშე მოლაპარაკებების წარმატება შეუძლებელია, თუმცა ოპოზიცია მზად არის გააგრძელოს მოლაპარაკებები, მაგრამ ხელისუფლება თუ არ გადახედავს საკუთარ პოზიციებს იმ მთავარ საკითხებზე რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნას და პოლიტპატიმრების თემას, სამწუხაროდ ვერანაირ სხვა საკითხებზე შეთანხმება ვერ გამოიწვევს იმას, რომ ეს მოლაპარაკების პროცესი დასრულდეს წარმატებით," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.

48 საათში მე-10 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება - თუმცა უცნობია მრავალპარტიულად, თუ ისე, როგორც ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას არ ახსოვს. ეს დამოკიდებული იყო და არის, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით დაგეგმილ შეხვედრებზე, რომელიც უკვე ოთხ შემთხვევაში კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

შეთანხმება მიღწეულია, რომ დიალოგი გაგრძელდება, მაგრამ არავინ იცის რა პერსპექტივა აქვს მას. გასაიდუმლოებულია ის, რაზეც დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ. უცვლელი პოზიციებით სავარაუდოა, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დღესაც მიუსხდებიან. გასარკვევია საბოლოო შედეგამდე შეცვლის თუ არა ოპოზიცია გეგმებს და ძალაში დარჩება დღის წესრიგი, რომელიც მანდატებზე დემონსტრაციულად უარის თქმას ითვალისწინებს.