ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, რამდენიმე წუთის წინ, საკუთარ რეზიდენციასთან, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ კომენტარი გააკეთა.
„მოლაპარაკების პროცესიდან გამომდინარე, რომელიც გასულ კვირას აქტიურად მიმდინარეობდა, ჩემთვის ნათელია, რომ დიალოგის პროცესი ძალიან რთული იქნება. ფასილიტატორებმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მხარეებს პოზიციები გაეცვალათ. ბევრი მოსაზრება და წინადადება იყო წარმოდგენილი. ახლა კი, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროა. შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად, საუკეთესო გამოსავალი ფართო შეთანხმება იქნება, რაც, უკვე არაერთგზის ვთქვი. მიჭირს თქმა, როგორ დასრულდება მოლაპარაკება, რადგან მხარეებს საკმაოდ რთული გადაწყვეტილებები ექნებათ მისაღები“ - აღნიშნა დიპლომატმა.
კანონმდებლები საქმიანობას მომდევნო კვირიდან უნდა შეუდგნენ. გასარკვევია, მოხერხდება თუ არა დიალოგის მესამე რაუნდზე შეთანხმება. მეათე მოწვევის პარლამენტში, მმართველ პარტიასთან ერთად, კიდევ 8 პოლიტიკური სუბიექტი უნდა შევიდეს, თუმცა ოპოზიცია ჯერ კიდევ ბოიკოტს განაგრძობს. როდის დაინიშნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ჯერ კიდევ უცნობია.