მამუკა მდინარაძე: რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები ჩვენი მხრიდან არც განიხილება და ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია აქვთ ჩვენს ოპონენტებს

მამუკა მდინარაძე: რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები ჩვენი მხრიდან არც განიხილება და ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია აქვთ ჩვენს ოპონენტებს

„მესამე რაუნდი ჯერ არ არის გადაწყვეტილი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციაშიც საღი აზრი გაიმარჯვებს, გარკვეული შეთანხმება შედგება და ისინი პარლამენტში შევლენ.

„რაც შეეხება წითელ ხაზებს, ნამდვილად არ მჯერა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვა კომპრომისის, ან კონსენსუსის მნიშვნელობა არ აქვთ გააზრებული, ან არ იციან. როდესაც ვამბობთ კვირების განმავლობაში უკვე, რომ შეუძლებელია, „ქართულმა ოცნებამ“ უღალატოს თავის ამომრჩეველს და მილიონამდე ჩვენი ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ გადადგას მოლაპარაკების დროს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამომრჩევლის ნებას და მის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. ამიტომ, რა თქმა უნდა, წითელი ხაზია რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები, ეს ჩვენი მხრიდან არც განიხილება და ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია აქვთ ჩვენს ოპონენტებს. მაგრამ დანარჩენ საკითხზე ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ნებისმიერ საკითხზე ვისაუბრებთ. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, წინასწარ, რაიმე კონკრეტულ ხელშესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან აქამდე ჯერ სხვადასხვა ვერსია დევს მაგიდაზე. გადაწყვეტილების შემდეგ ნებისმიერ დეტალზე ვისაუბროთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს დიპლომატებს ხვდებიან. კანონმდებლები საქმიანობას მომდევნო კვირიდან უნდა შეუდგნენ. ამ ერთ კვირაში უნდა გადაწყდეს, მოხერხდება თუ არა დიალოგის მესამე რაუნდზე შეთანხმება. მეათე მოწვევის პარლამენტში, მმართველ პარტიასთან ერთად, კიდევ 8 პოლიტიკური სუბიექტი უნდა შევიდეს, თუმცა ოპოზიცია ჯერ კიდევ ბოიკოტს განაგრძობს. როდის დაინიშნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ჯერ კიდევ უცნობია.