ბრალს წაუყენებენ დავით კეზერაშვილს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო. დავით კეზერაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნასა და ქრთამის მიღებაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, კეზერაშვილის მიერ განხორციელებული უკანონო სქემების შედეგად სახელმწიფომ 50 მილიონამდე ლარის ზარალი ნახა, თავად კეზერაშვილმა კი უკანონო შემოსავლის სახით დაახლოებით 12 მილიონი დოლარი მიიღო. გამოძიებით დადგინდა, რომ დავით კეზერაშვილმა პირადი სარგებლის მიღების მიზნით, თანხმობა განუცხადა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, ნიკოლოზ დავითაშვილს და იოსებ იმნაძეს, რათა გამოეყენებინა მისი პირადი სამსახურეობრივი მდგომარეობა და მფარველობა გაეწია აღნიშნული პირების უკანონო საქმიანობისთვის. დავით კეზერაშვილი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, მას ბრალს დაუსწრებლად წაუყენებენ.