აკაკი ზოიძე: ვაქცინა ერთადერთი გამოსავალია

აკაკი ზოიძე: ვაქცინა ერთადერთი გამოსავალია

„ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც კაცობრიობას გამოუგონია ნებისმიერი ინფექციური დაავადების დასამარცხებლად“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ასეთი იყო ყვავილი, ასეთია პოლიომელიტი, რომელიც ჩვენს ბებიებს ახსოვთ და ჩვენ აღარ გვახსოვს, თუმცა გაცილებით საშიში დაავადება იყო, ვიდრე Covid19. ჩვენ ვხედავთ, რა მდგომარეობაში ჩააგდო მსოფლიო COVID19-მა და შესაბამისად, ვაქცინა, რომელიც შეძლებს COVID19-ის კონტროლს, (ძალიან იმედის მომცემი პროგნოზებია სამ ვაქცინასთან მიმართებით, კიდევ ბევრი ვაქცინაა ჩაშვებული კვლევის ბაზაზე) მეტყველებს, რომ მათი ეფექტიანობაც მაღალი უნდა იყოს და არ უნდა ჩანდეს, რომ მას მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები ჰქონდეს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ვაქცინა და ამას იზიარებს მსოფლიოს მეცნიერთა 99%.

„მსოფლიოში, რამდენიმე მილიარდი ადამიანი იმედით შეჰყურებს ამ ვაქცინას, ასე რომ, არ მგონია, რომ გვქონდეს იმის ფიქრის საფუძველი, რომ ეს ჩვენზე სხვანაირად იმოქმედებს. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან, სხვა შემთვევაში, ამ მდგომარეობაში ყოფნა მოგვიწევს - ან ეკონომიკის, ან ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 127 942 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 106 328-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 195 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 2 076 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 286 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 3 844 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.