მაკა დარსაველიძე: „პოლიტიკური შეხედულებების გამო, ქართველები ერთმანეთს დავერიეთ, ვჭამთ, ვინელებთ და რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება”

მაკა დარსაველიძე: „პოლიტიკური შეხედულებების გამო, ქართველები ერთმანეთს დავერიეთ, ვჭამთ, ვინელებთ და რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება”

 ანალიტიკოსი მაკა დარსაველიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„„ონკანიდან წყალი მოდის, ატალახდა მთელი ეზო.

სუყველაფერს ხედავს გია, სუყველაფერს ხედავს რეზო.

ღია ონკანს შეხედავენ, აუვლიან, ჩაუვლიან,

ხომ არაფერს აშავებენ?! მაინც დანაშაულია!

სკოლაში, საკმაოდ პატარას, ეს, ერთი შეხედვით ბანალური ლექსი რომ მასწავლეს, კითხვა არ დამისვამს, ონკანთან ავლა-ჩამოვლა რატომ იყო დანაშაული. მეტიც, ძალიან სასაცილოდ, მთელი დოქტრინა წარმოვადგინე, რაც მამამ მასწავლა. ვთქვი, რომ ერთი პატარა ნათურის ჩაქრობა დედამიწის სიცოცხლეს ერთი წამით ახანგრძლივებს. მამა დილით, ყოველთვის 6 საათზე დგებოდა და ახლაც ასეა, 82 წლის ასაკში. რამდენიმეჯერ წავასწარი, რომ ქუჩაში მდგარ ბოძებზე განათებას მექანიკური გამომრთველით აქრობდა. მხოლოდ ჩვენი ეზოს წინ არა, რამდენიმეზე, სადამდეც მიწვდებოდა. მაშინ არ იყო ასე, ახლა რომ სენსორები აღიქვამს გარიჟრაჟს. ჰოდა, ერთხელაც, ფაქტზე რომ წავასწარი, მითხრა, ამ 4 და 5 ნათურის გასანათებლად ამდენი და ამდენი ტურბინა მუშაობს მამა, ამდენ და ამდენ დროს საჭიროებს და თან, ამდენ და ამდენ საქმეს აფუჭებსო. მას შემდეგ, არასაჭიროდ ანთებული ნათურის ჩაქრობა წესად მექცა და ანთებულ ნათურებზე კუდიანებივით ვნადირობ, ადგილის განურჩევლად.

ეს ამბავი გაგეღიმებათ და, ჩვენი ყოფის გასაანალიზებლად გამახსენდა. იმ ყოფის, რომლისგან შორს ზოგადად, არც ერთი საზოგადოება არ დგას, მაგრამ ჩვენ, მით უმეტეს.

როცა ადამიანი ადამიანად ყოფნის არსს არ აცნობიერებს და ამ უმთავრეს ღირებულებას უუცხოვდება, მხოლოდ მომხმარებელი ხდება,  ყველას და ყველაფრის მიმართ გულგრილი. თავიდან, არასაჭიროდ ანთებული ნათურა და ასევე არასაჭიროდ მოშვებული ონკანი არ ედარდება, მოგვიანებით კი, ეს დამოკიდებულება სხვა საგნებზე, თუ პროცესებზე ინაცვლებს, დომინოს პრინციპით და ბოლოს, ადამიანებზეც ვრცელდება. საკუთარ ზღურბლს მიღმა, ყველა და ყველაფერი სულერთი ხდება, სხვისი ჭირი ღობის ჩხირად იქცევა და მოგვჭამა ჭირი.

აქ, ხშირად ვკითხულობ, ირგვლივაც ბევრს ვიხედები და ვისმენ, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ქართველები ერთმანეთს დავერიეთ, ვჭამთ, ვინელებთ და რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამ ერთი შეხედვით ჰუმანურ და პატრიოტულ მოსაზრებას დიდი გასავალი აქვს და გაერთიანების, თუ მორიგება-შერიგების მოტივით აფრიალებული მანდილების კონა ათი შაურია. ბილწსიტყვაობითა და წყევლა-კრულვით გაჯერებულ ტექსტებს შორის, ამგვარი აზრი ათინათივით ბრწყინავს, მაგრამ ეს, მხოლოდ ერთი შეხედვით. ასეთი მოწოდებები, უმეტესად, როგორც წესი, სხვებზე უპირატესობის მოსაპოვებლად გამოიყენება და ზეაღმატებულობის ამბიციით საზრდოობს, თორემ იგივე "მშვიდომისმყოფელები" ამ მანდილებით სირცხვილის ბოძზე ისეთივე ჟინით გაგბორკავენ, როგორც მათგან "შერცხვენილი" ადრესატები თხრიან საფლავებს.

გაცოფებულ ადამიანთა ეპისტოლარულ, თუ ვერბალურ დუელებში ჩაჩხერილი ეს "თეთრი ბაირაღები" ისეთივე გულსაკლავად გამოიყურება, როგორც მოშიშვლებულ მკერდებზე ჩამომხრჩვალი ჯვრები. ეთგვარი მორიგების პიონერული ჟინით შეპყრობილი ადამიანები კი, ამ დუელებში ის სეკუნდანტები არიან, ვინც თეთრი ხელთათმანით წამზომს დაჰყურებს და ისინიც იმ მარაქაშია, რომელშიც დუელის სხვა, ნეიტრალიტეტის მომგებიან პოზიციას ამოფარებული მოსეირე სუბიექტები. "მომრიგებელი" ფიგურანტების მსგავსად, ამ ე.წ ნეიტრალურებსაც თავის უპირატესად წარმოჩენის ამბიცია ამოძრავებთ, მაგრამ ეგზეკუციის ამ შემადგენლობაში, თითოეული წევრი, ამავდროულად, სიბნელის ინტელექტით დათგრუნვისთვისაა მოწოდებული და ამ მისიონერულ პროცესში, მათი ინტელექტუალური ხელმოკლეობა განსაკუთრებული დრამატიზმით წარმოდგება. მთელი ეს ანტურაჟი იმდენად გულსაკლავია, რომ დუმილი გულგრილობის ტოლფასი ხდება. შესაბამისად - დანაშაულიც.

ბოლო დროს, აქაც და ვიწრო პირად სოციუმშიც, ბევრს გავუუცხოვდი. იმიტომ არა, რომ განსხვავებულ აზრს ჩავუკეტე კარი. ეს ქმედება აზროვნების კრიზისს ასაზრდოებს, რაც გონის გარდაცვალებით სრულდება. მე კი, ასე გარდაცვალება არ მინდა და მითუმეტეს, ადამიანების დაკარგვა არ მინდა, რადგან ამ უკანასკნელ მოვლენას ძნელად ვეგუები. თუმცა, იმაზე ძნელად არა, ვიდრე - გულგრილობას. ამ ადამიანებსა და ჩემ შორის საუბარი ყოფით ამბებზე ლაპარაკსა და ერთმანეთის გულთბილად მოკითხვაზე შორს არასოდეს წასულა, მაგრამ როგორც კი საქვეყნო საქმის განხილვაზე მიდგა საქმე, მაშინვე ყველა კარი ჩარაზეს. ზოგმა კეთილი ურთიერთობის შენარჩუნების მოტივით, ზოგმაც საკუთარი არგუმენტების ნაკლებობის, თუ სისუსტის გამო. ამათი, მეტნაკლებად, გავიგე, რიგი მიზეზების გამო, მაგრამ იმათი მოქმედების არსს ვერაფრით ჩავწვდი, ჩემთან კეთილი ურთიერთობის შენარჩუნებას ამ გზით რომ ეცადნენ, რადგან საკითხის მიუხედავად, დიალოგის ფარგლებს თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებში თუ გავმცდარვარ და ისიც მაშინ, როცა ქვეყნის დამაქცევარი ტიპიური კონფორმისტი, თვალში თავის ათასჯერ გამომწვარ ნაცარს მაყრის. ეს უკვე გაუცხოებულმა ახლობლებმაც კარგად იციან და მეც, მაგრამ კეთილი ურთიერთობების შესანარჩუნებლად, რატომღაც, მაინც ეს გზა აირჩიეს. ვფიქრობ, სულ ტყუილად, რადგან ჩემთვის, ურთიერთობა ფორმალობა არ არის. ადამიანთან ურთიერთობაში მთელ ჩემს ავლა-დიდებას ვდებ და ეს ურთიერთობა იმასთან მსიამოვნებს, ვისთანაც ასე ვთქვათ, არსობრივი ერთობა მაკავშირებს. გრძნობა, როგორც ადამიანების მიმართ, რა თქმა უნდა, ძველებური მაქვს, რადგან სრულიად უცხო ადამიანების მიმართაც კი, იგივეს ვგრძნობ, მაგრამ ურთიერთობის სურვილი - სულ უფრო ნაკლებად.

და რატომ გავუუცხოვდით ერთმანეთს ასე?! რა დაგვემართა?! განსხვავებული აზრის მიუღებლობა, აუტანლობა და შესაბამისად, გაუტანლობა, რადიკალურად ურთიერთსაპირისპირო პოლიტიკური გემოვნება, თუ ყველაფერი ერთად?! სინამდვილეში, არც ერთ ამ მიზეზთაგანს არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან, რაც დაგვემართა. რეალურად, ერთმანეთთან გაუცხოვების მიზეზი ის მსოფლმხედველობრივი უფსკრულია, რომელიც ჩვენ შორის, როგორც ჩანს, გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე რომელიმე მოვლენა, მაგრამ ზემოთნახსენები ურთიერთობის ფორმატში, ეს ვერ შევამჩნიე. ჩვენ შემთხვევაშიც ასეა და ეს ობიექტური რეალობა საზოგადოებაზეც თანაბრად განივრცობა.

დღეს, თანამოქალაქეებს შორის გაჩაღებულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში პოლიტიკური მოტივი მხოლოდ მსუბუქად მაპროვოცირებელი ფაქტორია და სინამდვილეში, ერთმანეთთან გაუცხოების მიზეზი მხოლოდ ცნობიერებითი კონფლიქტია, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება, პიროვნების ფსიქოემოციური მდგომარეობის, მორალური მდგრადობისა და თვალსაწიერის მასშტაბის შესაბამისად.

ადამიანებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის არსებული ცნობიერებითი კონფლიქტი პოლიტიკური გემოვნების საკითხად მიზანმიმართულად იფუთება, რომ ამ კონფლიქტის რეალური მიზეზი არ გამოაშკარავდეს და მისმა გაშინაარსებამ აზრი დაკარგოს.

ახლა, სწორედ იმ საკითხს მივადექი, რითაც დავიწყე. ადამიანი ის უნივერსალური ქმნილებაა, რომელიც განსაკუთრებულად აზროვნებს, გრძნობს და შესაბამისად, მოქმედებს. ადამიანად ყოფნის არსს რწმენა, სიყვარული და კაცთმოყვარეობა წარმოადგენს, მაგრამ არა მხოლოდ სისხლისმიერი მოყვარეობა, არამედ საკუთარ ზღურბლს, ოჯახსა და ვიწრო სოციუმს მიღმა სხვა ადამიანის დანახვა. ჩვენი მსოფლმხედველობა ჩვენ მიერვე აღიარებული ღირებულებებიდან მომდინარეობს და ის ამ ღირებულებების შესაბამისია, ისევე, როგორც ჩვენი პრიორიტეტები და ქცევა.

და რა არის ჩვენი არჩევანი?! შეიძლება, რომ პირადი კეთილდღეობა, უსაფრთხოება და ეკონომიკურად წარმატებულ სახელმწიფოში ცხოვრება სხვა, შენს ზღურბლს მიღმა მყოფი ადამიანის ღირსების შელახვით და განადგურებით მიღებული დივიდენდი იყოს და თან, ადამიანი გერქვას?! იმაზე არაფერს ვამბობ, დაბნელებულ ქვეყანაში "ილიჩის ნათურის" ანთება რომ სახელმწიფოებრივ აღმშენებლობად მოინათლა, ისევე, როგორც წლობით გაყინული პენსიებიდან ანაზღაურებად შემწეობაზე გადასვლა სოციალურ კეთილდღეობად და ასე შემდეგ. რა ღირებულება აქვს ადამიანს ჩვენ ცნობიერებაში და თუნდაც, ეკონომიკურად ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოში ცხოვრება ღირს თუ არა ადამიანის ღირსებისა და სიცოცხლის ხელყოფად?! დიახ, ადამიანის და არა ადამიანების, რადგან შეუძლებელია, ადამიანი გერქვას და ადამიანურ ტრაგედიებს სტატისტიკაში განიხილავდე. თუ ეს ამად ღირს, რატომ არ გინდა ის შენ იყო და ამ კეთილდღეობის ფასი საკუთარი სიცოცხლით, ან თუნდაც, ოჯახის წევრისთვის პატივის აყრით გადაიხადო?! რა თქმა უნდა, არ გინდა! ალბათ, იმიტომ, რომ ეს მტკივნეულია, მაგრამ სხვა ადამიანი რატომ არ არის მტკივნეული და კეთილდღეობა მისი უბედურების ხარჯზე რატომ გინდა?! ამას არ აღიარებ, მაგრამ მე გეტყვი _ კაცი ყოველთვის არ არის ადამიანი და შენც - მათ შორის!

აი, სწორედ ესაა ის გზასაყარი, სადაც ცნობიერებითი კონფლიქტი იღებს სათავეს, რომელიც თანდათან ღრმავდება და პოლარიზებული, მინიმუმ, ორ ნაწილად გაყოფილი საზოგადოების ერთმანეთთან გაუცხოების, თუ დაპირისპირების მიზეზიც სწორედ ეს არის. ეს ცნობიერებითი, მსოფლმხედველობრივი კონფლიქტია. დამოკიდებულებებს შორის ღრმაზე ღრმა უფსკრულია და ის, ვინც ცდილობს, ეს პროცესი ადამიანთა შორის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებით წარმოქმნილ კონფლიქტად,  გემოვნების საკითხად და ა.შ მონათლოს, ან ბრიყვია, ან გაიძვერა და მნიშვნელობა არ აქვს, ეს ნათლობა ფსევდომომრიგებლური მისიონერობით განხორციელდება, ნეიტრალურობით, თუ ამ ყველაფერზე მაღლა დგომის მოტივაციით.

დღეს, ჩვენ წინაშე არსებული მწირი არჩევანი სწორედ საზოგადოების იმ ნაწილის დამოკიდებულების შედეგია, რომელიც საკუთარი, ისიც მოჩვენებითი კეთილდღეობის მოპოვებას სხვისი შვილების სიცოცხლის ხარჯზე ცდილობს და ამის გამო, ალავერდს ბოროტებასთან გადადის. მათ შორის, სწორედ ამგვარ ადამიანთა სიმრავლე განაპირობებს იმას, რომ ქვეყნის სათავეში, ეროვნული ინტერესების გამტარებელი ძალის შენარჩუნების, რეალური ოპოზიციის ჩამოყალიბებისა და ჯანსაღი კონკურენციის გაჩენის შანსი ნულს უტოლდება. ეს კი, ქვეყნის განვითარების პერსპექტივას ჩანასახშივე სპობს. მოსახლეობის ამ ნაწილის უმრავლესობა ასეთ დამოკიდებულებამდე ყოფითი ცხოვრებიდან, თუ ცნობიერებიდან კულტურის სრულად გამორეცხვამ, ქართველი კაცის ცხოვრების წესისთვის სრულიად შეუსაბამო ნორმების დამკვიდრებამ და ღირებულებათა სისტემაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით შეტევამ მიიყვანა, რაც წლების განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს. მოსახლეობის ნაწილში, ამ სტრატეგიას, ღირებულებათა რღვევის თვალსაზრისით, საკმაოდ ნოყიერი ნიადაგი დახვდა და შედეგმაც არ დააყოვნა. ეს კი, ჩადენილ დანაშაულთა შორის, ყველაზე დიდი დანაშაულია, მოტივებისა და მიღებული, თუ მოსალოდნელი შედეგების მასშტაბის გათვალისწინებით.

სწორედ ამიტომაა, რომ დღეს, აშკარა ბოროტებაზე რომ არაფერი ვთქვათ, არჩევანის გაკეთება ჩუმ და მყვირალა უნიათობას შორის გვიწევს, რადგან რეალურ აღმშენებლობას ადგილი არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონია.

უახლოეს პერიოდში, შექმნილი ვითარების თუნდაც, კორექტირების შანსი ნულის ტოლია, მაგრამ თუ გვინდა, ამ მოჯადოებულ წრეს თავი მომავალში მაინც დავაღწიოთ, ჩვენი სამიზნე ის თაობა უნდა გახდეს, რომელიც ჯერ კიდევ სკოლამდელი განათლების ეტაპზეა, მაგრამ ამ ეროვნული გეგმის განხორციელება ოჯახების, თუ განათლების სისტემაში არსებული კონტიგენტის იმედად შეუძლებელია. ამიტომ, განათლების მრავალმხრივად სუსტ რგოლებს შორის, გაჯანსაღება პირველ რიგში, სწორედ ამ რგოლს სჭირდება.

ჩვენი მომავალი ამ ერთი შეხედვით ბანალური ლექსის გაშინაარსება-გასიგრძეგანებაზე გადის, რითაც შესაძლებელია, ამ თაობაში ჯანსაღი ცნობიერების ჩამოყალიბების პირველადი კონტურები გამოისახოს. თუ სტრატეგიას ქრისტიანობის არსზე ავაგებთ, ბავშვის სუფთა გონებაში უმთავრესი ღირებულებები - რწმენა, სიყვარული და ადამიანად ყოფნის საზრისი, თავის ბუნებრივ მდგომარეობას თავისთავადაც ჰპოვებს, ცოტას ჯანსაღი საგანმანათლებლო სივრცე მოგვეხმარება, ცოტას ეკლესია, ცოტას ოჯახი, ცოტასაც მეზობელი და სოფელიც აშენდება!

ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ დღესაც

სუყველაფერს ხედავს გია, სუყველაფერს ხედავს რეზო!

გულგრილობა დანაშაულია და ის, მათ შორის, მომავალ თაობასაც კლავს!“

Aburjga Tasmanieli ქალბატონო მაკა, ეს ურთიერთ ჭამა, კბენა, ღრენა არ მიმდინარეობს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ნამდვილად არ მიმდინარეობს!!! ეს არის ბრძოლა წესების გარეშე მაფიოზურ კლანები დასამხობად უტევენ ხელისუფლებას, მზად არიან ნებისმიერ დროს მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება.... რათა დაეუფლონ რაც კი რამ რესურსი აქვს საქართველოს დარჩენილი! თუ რესურსი აღარ დარჩა აგერ სასაზღვრო რეგიონებში კიდევ ერთხელ გაყიდიან დავით გარეჯას", ერთს,, მეორეს! სასოფლო სამეურნეო მიწებს! ყველაფერს გაყიდიან, ყველაფერს! არ გაუყიდიათ თუ რა?! ქართველი თავად აზნაურობა როცა ახერხებდა, როცა გასდიოდა, თავს ხომ ქართველი ბავშვების ურჯულოებზე გაყიდვით ირჩენდა?!
3 წლის უკან
იმედა ძალიან მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისა და აზროვნების მქონე ადამიანი, რომლის პოსტებს ყოველთვის აღტაცებაში მოვყავარ. გააიხარეთ!
3 წლის უკან
kolxi სიმართლე თვალის სინათლეო ნათქვამია, დიახაც მიმდინარეობს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ყოველგვარი წესების გარეშე ჯერ კიდევ ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ, არა მარტო ეროვნული რესურსების მისატაცებლად, არამედ ეროვნული იდეოლოგიის, ტრადიციების და ზნე-ჩვეულებების წინააღმდეგ და არა მარტო მიწას არამედ ყველაფერს იკადრებენ და გაყიდიან ოღონდ ისევ ხელისუფლებაში მოვიდნენ და ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში, ისევ ჩვენი ხალხის დასახოცად და დასაყაჩაღებლად, ვითომ გვაკლდეს ისტორიულად წარსულში ან აწმყოში ტანჯვა-წამება.
სამწუხაროდ ეს არის რეალობა და ფრთხილად, ბეწვის ხიდზე გავდივართ ქართველო ხალხო და თუ რამე შეგვეშალა ჩვენი საშველის იმედი ნუღარ გექნებათ...
3 წლის უკან