გიგი უგულავა: კარასინთან დახურული ჭუკჭუკი საოცარი შედეგით დასრულდა, აბაშიძემ თავზე ვაზელინი წაისვა

გიგი უგულავა: კარასინთან დახურული ჭუკჭუკი საოცარი შედეგით დასრულდა, აბაშიძემ თავზე ვაზელინი წაისვა

 

„აბაშიძე -კარასინის დახურული ჭუკჭუკი საოცარი შედეგით დასრულდა, პრაქტიკულად, აბაშიძემ მთლიანად პირი მოწმინდა, სამწუხაროდ, თავზე ვაზელინი წაისვა. ის, რაც ვნახეთ ტრანსკრიპტში არის გულისამრევი სირცხვილი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის გამართული შეხვედრის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

უგულავას განმარტებით, აბაშიძემ ფაქტობრივად მოუბოდიშა კარასინს, როდესაც აღნიშნა, რომ ქვეყანაში ნაციონალისტურად განწყობილი ჯგუფები ელიმინირებულია.

„აბაშიძე -კარასინის დახურული ჭუკჭუკი და კარგად ჩანს ხოლმე ასეთი ტრანსკრიპტებიდან, რომ ისინი შეხმატკბილებულად ჭუკჭუკებენ, საოცარი შედეგით დასრულდა. პრაქტიკულად, აბაშიძემ მთლიანად პირი მოწმინდა, სამწუხაროდ, წაისვა თავზე ვაზელინი.

ის, რაც ჩვენ ვნახეთ იმ ტრანსკრიპტში, არის გულისამრევი სირცხვილი, ქართული სახელმწიფოს სირცხვილია. პრაქტიკულად, უბოდიშებს და „აჩოტს“ აბარებს კარასინს და ეუბნება, რომ ნაციონალისტურად განწყობილი ელემენტები ელიმინირებულია და ახლა რუსეთის მიმართ სიყვარულს არაფერი აღარ ემუქრება, ამას აკეთებს შენი ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლობა. ივანიშვილის მთავრობიდან რა უნდა გაგვიკვირდეს, არაფერი გასაკვირი არ არის, იმიტომ, რომ ივანიშვილის მთავრობა ასე ფიქრობს, მათი ჩამოყვანილია გავრილოვი, მათი დასმული იყო იქ.

ეს ფორმატი იმთავითვე მავნებლური იყო, იმიტომ, რომ ის იმდენად დახურულია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც არ იცის ხშირად რაზეა იქ ლაპარაკი, იქ არის რამდენიმე მუხლი, რომელიც ძალიან საეჭვოა, იქ არის მუხლი, რომელიც პირდაპირ არა, მაგრამ აფხაზეთის რკინიგზაზე მიუთითებს, რომელიც შეუძლებელია ასე პარტიზანულად ვინმემ განიხილოს საზოგადოების ზურგს უკან.

ეს არის ურთულესი და უდიდესი თემა, სადაც მზა რეცეპტები არ არსებობს და საქართველოს ინტერესი, როგორც სახელმწიფო ინტერესი აქ სად არის და როგორ არის ეს ფართო მსჯელობის საგანია.

ეს არის ფორმატი, რომელიც ადამიანებისა და საზოგადოების ზურგს უკან ფაქტობრივად კოლაბორაციონიზმით არის დაკავებული“, – განაცხადა გიგი უგულავამ.