„ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ხვალ, „ლეიბორისტების“ ოფისში უფრო გაფართოებულ ფორმატში ყველა პარტიასთან შეთანხმდეს არსებული გეგმა.
„ხვალ გამოვაცხადებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ასე რომ, ძალიან საინტერესო ვერსიებზე მიმდინარეობს მუშაობა“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
განიხილება თუ არა აქციები, ამ შეკითხვაზე საპასუხოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა განაცხადა, რომ ჯერ ამაზე ვერ ისაუბრებს, რადგან რამდენიმე ვერსია განიხილება.
რაც შეეხება მესამე რაუნდთან დაკავშირებულ შეკითხვას, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მოთხოვნად რჩება ხელახალი არჩევნები.
„როგორც ჩანს, ჯერ ხელისუფლება არ არის მზად, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან მოვიდეს. ყოველ შემთხვევაში, მათგან წინადადება არ წამოსულა. ჩვენ ყოველდღე მზად ვართ შესახვედრად და ველოდებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.