„ლოკდაუნის“ გამოცხადების ყოველი დაგვიანებული წუთი ერთი ადამიანის სიცოცხლის დაკარგვას ნიშნავს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ „2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს გადაშორდა.
„კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ჩვენ ვართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ამაზე უარესი უკვე შეუძლებელია. სიტუაცია არის ძალიან მძიმე და მძიმდება ყოველდღე. სასწრაფოდ არის მისაღები გადაუდებელი, არაპოპულარული ნაბიჯები, რაც არის ლოკდაუნი. ამაზე მე ღიად ვსაუბრობ უკვე დიდი ხანია და არ ვცვლი პოზიციას. ეს მოსაზრება გავუზიარე პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს. რეალობა ისეთია, რომ გადაწყვეტილება დღესვეა მისაღები“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების ტემპით საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. როგორც ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით მთავრობა გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს.