პაატა იმნაძე: ახლა ყველა გაციება პრაქტიკულად კორონავირუსია

პაატა იმნაძე: ახლა ყველა გაციება პრაქტიკულად კორონავირუსია

ქვეყანაში ჯერ სეზონური გრიპი არ ცირკულირებს და გაციებით მიმდინარე უმეტესი შემთხვევა კორონავირუსია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„არ არის ჯერ სეზონური გრიპი. დღეს რაც ცირკულირებს, მათი 90 პროცენტი არის კოვიდი. ძალიან ცოტა იყო ძველი კორონავირუსი, ასევე დაჭერილია ბოკავირუსი, ესეც გაციების გამომწვევი ერთ-ერთი ვირუსია და არის ასევე რინოვირუსი, რომელიც სურდოს იწვევს. ესენი არის ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. პრაქტიკულად, ახლა ყველა გაციება არის კოვიდი, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 114 889 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95 581-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 085 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.