ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის შესახებ მსჯელობს

ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის შესახებ მსჯელობს

არ დაგიმალავთ, მიდის ამაზე მსჯელობა, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა კითხვას იმის შესახებ, იგეგმება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვების დაწესება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მე ჩემს რეკომენდაციებს ვაჟღერებ საკოორდინაციო საბჭოზე. გიდასტურებთ, რომ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ ქალაქებში შეიზღუდოს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 114 889 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95 581-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 085 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.