მამუკა ხაზარაძე: გამოსავალი ერთია, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდეს ახალი არჩევნები

მამუკა ხაზარაძე: გამოსავალი ერთია, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდეს ახალი არჩევნები

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან შეხვედრები გრძელდება. შალვა ნათელაშვილის და ირმა ინაშვილის შემდეგ კელი დედგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „ლელოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს ხვდებიან.

მამუკა ხაზარაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ელჩებთან შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ხელახალი არჩევნებია.

„მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და კიდევ ერთხელ განვმარტო, სად ვიმყოფებით ჩვენ, როგორც ქვეყანა, სახელმწიფო და რა პერსპექტივაა, როგორ გამოვიდეთ ყველა ერთად იმ შექმნილი მდგომარეობიდან, პოლიტიკური კრიზისული, პანდემიური და საერთოდ კრიზისული ეკონომიკური მდგომარეობიდან. მოცემულობა არის შემდეგი, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს ფაქტია. მოსახლეობის და ამომრჩევლის ნახევარზე მეტმა დაადასტურა, რომ ოპოზიციური პარტიების ხმები იქნა მოპარული. არის პოლიტიკური კრიზისი შექმილი, ამიტომ აქედან გამოსავალი, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი – შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდეს ახალი არჩევნები. ნებისმიერი სხვა მცდელობა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება ჩატარებული - ცალ-ცალკე რაღაც გზავნილები სხვადასხვა პარტიასთან, იქნება უშედეგო იქედან გამომდინარე, რომ ამ ქვეყანას სჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები. ამიტომ, პირადად მე, ვაპირებ, ვისაუბრო ჩვენს ამომრჩეველთან და მოსახლეობასთან გამოსავლის გზების ძიებაზე და არა იმ ყოველდღიურ პიარკამპანიებზე, რომელსაც გვთავაზობს ყოველდღიურად „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენელი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც გაიხსენა. „იქ წერია, რომ საქართველო 30 წლის განმავლობაში არის ერთ წრეზე და შესაბამისად, იმ კინოში მონაწილეობს, რა კინოც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ თვითონვე შევქმენით. რა შევქმენით ჩვენ, ჩვენ შევქმენით ყალბი არჩევნები, ჩვენ შევქმენით თვალის დახუჭვა სიცრუეზე და არასდროს არ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი შვილებისთვის და ოჯახისთვის“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობენ.

მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს. დიალოგის მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.