ეკატერინე ტიკარაძე: არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება აქცია თუ ქორწილი, პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც წესებს არ იცავს

ეკატერინე ტიკარაძე: არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება აქცია თუ ქორწილი, პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც წესებს არ იცავს

არაერთხელ განვმარტეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის თავშეყრა იქნება ეს, პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც წესების დაცვის გარეშე უპასუხისმგებლო შეკრებებს ატარებს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„მეც და ეპიდემიოლოგებმაც არაერთხელ განვმარტეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის თავშეყრა იქნება ეს, პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც წესების დაცვის გარეშე უპასუხისმგებლო შეკრებებს ატარებს. ეს ეხება აქციებს, ქორწილებს და სხვადასხვა ღონისძიებას, რამაც გამოიწვია ინფიცირებულთა ასეთი მკვეთრი ზრდა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 114 889 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95 581-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 085 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.