ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
„გირჩი ზურაბა მთელს ამ შანტრაბაში იმითი გამოირჩევა, რომ ზუსტად და მოკლედ გამოხატავს საქმის ვითარების „ჭეშმარიტ“ არსს; გუშინაც, მთელი ამ პოსტ-საარჩევნო აურზაურისა და აყალმაყალის არსი, ამერიკელ ელჩთან შეხვედრის შემდეგ, უცებ „გააიასნა“: თურმე ოპოზიციამ ამერიკელებს აუხსნა -პარლამენტში იმიტომ არ შევალთ, რომ მიგვაჩნია - ჩვენს ქვეყანაში ინსტიტუციები (!) არ არსებობსო!
ანუ: ოპოზიციას მიაჩნია და ეს ამერიკელებსაც აუხსნეს (!), რომ თურმე საქართველოში არ არსებობს არც სამართალი, არც პარლამენტი, არც მთავრობა და არც სასამართლო და ა.შ. არამედ არსებობს მხოლოდ "გაყალბებული არჩევნები" და ეს "პარტიები", რომლებიც ინსტიტუციების "არ არსებობას" „აპროტესტებენ“. აი, ეს არის გლავკანალური, სინამდვილეში უკანალური, ანუ ნაცური „ინტერ-სუბიექტური“ ფსევდო- რეალობა: საქართველო თურმე ველურების ქვეყანა ყოფილა, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსაც უნდა გავაგებინოთ!
რასაკვირველია, ობიექტური რეალობა აბსოლუტურად საპირისპიროა: სინამდვილეში, რაღა თქმა უნდა, ინსტიტუციები, მართალია არა ისეთი, როგორიც ჯერ არს, მაგრამ უდავოდ - არსებობენ! თუ ჭკუაზე შემცდარი არ ხარ, ეჭვი არ უნდა გეპარებოდეს - სამართალიც, კანონმდებლობაც, პარლამენტიც, მთავრობაც, სასამართლოც და ა.შ. - ნამდვილად არსებობს და გინდა ოპოზიციამ, საერთოდაც - ვინც გინდათ, რაც არ უნდა თქვას, ცხადია - არ გაქრება! საკითხავი კი ეს არის: უნდა არსებობდნენ თუ არა ისეთი ექსტრემისტულად განწყობილი პარტიები, რომლებიც ინსტიტუციების არ არსებობას ქადაგებენ და შესაბამისად, მოქლაქეების ნების არა ფორმირებას, არამედ სრულ დეფორმირებას სისტემურად ეწევიან?!
პარტიების კანონით სწორედ მოქალაქეების ნების ფორმირება და გამოხატვაა პარტიების საქმიანობის სფერო. როცა ფორმირება დეფორმირებით იცვლება, პარტიას რაღაცა სხვა სახელი, მაგ. "შმარტია" უნდა დავარქვათ!
ჩვენი სამართალი და კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და ვერც გაითვალისწინებდა შემთხვევას, როცა არჩევნებში მონაწილე პარტია არა მხოლოდ მიღებულ მანდატებზე ამბობს სრულად უარს, არამედ არსებულ ინსტიტუციებს პრინციპულად არ ცნობს. ვერ გაითვალისწინებდა, რადგან ცივილური სამართალისთვის, რაც ჯერ არსის კატეგორიაა, ასეთი პარტია - უბრალოდ, არ შეიძლება არსებობდეს.
მაგრამ რომ არსებობს, თანაც არა ერთი? მაშ, რა ჯანდაბა ვქნათ?! პარტიების კანონში ხომ არ ჩავწერთ იმას, რომ მსგავსი ველურობა, თითქოსთა ქვეყანაში ინსტიტუციები არ არსებობს, არ შეიძლება პარტიამ იქადაგოსო?! როგორც ჩანს, მაინც მოგვიწევს: ეს, აბსოლუტურად აპოლიტიკური და ზოგადად, ასოციალური ველურობა, გინდა ამას პარტიები დავარქვათ და გინა შმარტიები, რაღაცნაირად ხომ უნდა დავასრულოთ?!
მაგალითად, ასე - კანონში შეიძლება მარტივი ჩანაწერის შეტანა: პარტიას, რომელიც მთლიანად უარს იტყვის წარმომადგენლობით ორგანოში (პარლამენტი, საკრებულო) ამომრჩევლებისგან მიღებულ მანდატებზე, რეგისტრაცია, შესაბამისად - ყველა განსაკუთრებული უფლება, რაც პარტიის საქმიანობასთან არის დაკავშირებული, მათ შორის, ცხადია - ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებაც, შეუჩერდება. ხოლო მომავალ არჩევნებში მას მოუწევს თავიდან შეაგროვოს არა ნაკლებ 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერა, როგორც ამას საარჩევნო კოდექსი "ახალი" პარტიებისთვის ითვალისწინებს.
მეორეს მხრივ: რასაკვირველია, სამართალი და კანონი არათუ არ უშვებს, არამედ კატეგორიულად კრძალავს და მძიმე დანაშაულად განიხილავს არჩევნების გაყალბებას. ამიტომ, სამართლებრივი პროცედურებით აუცილებელია ბოლომდე მივიდეს და სამართლებრივად ადექვატურად შეფასდეს: პროკურატურის მიერ გამოძიებული იქნას და თუ არ გაყალბებულა (რაშიც მე დარწმუნებული ვარ!), მაშინ ის, ვინც ამ ცრუ-ბრალდებით მოქლაქეთა ნების დეფორმირებას წინასწარი ბოროტი განზრახვით ახდენს, პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული!“