National Review: რუსეთის საფრთხის ფონზე, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში მხარდაჭერის დემონსტრირებაა

National Review: რუსეთის საფრთხის ფონზე, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში მხარდაჭერის დემონსტრირებაა

„რუსეთის საფრთხის ფონზე, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში მხარდაჭერის დემონსტრირებაა“. ამ სათაურით, ამერიკული გამოცემა National Review ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ავტორი აღნიშნავს, რომ ამერიკის მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის, სახელმწიფო მდივანი საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს, ასევე, მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო ამერიკის ხანგრძლივი პარტნიორია უსაფრთხოების სფეროში, რომელმაც ნატოს ძალების მხარდამხარ, ავღანეთში ასობით ჯარისკაცი გაგზავნა. სტატიაში ხაზგასმულია ისიც, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მჭიდრო კავშირი აქვს ევროკავშირთან და ნატოში გაწევრიანებისთვის ისწრაფვის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდა. ის სალომე ზურაბიშვილს, გიორგი გახარიას, ილია მეორეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.