ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად, თბილისში ოპოზიცია აქციას მართავს. მდუმარე პროტესტის მიზანი 31 ოქტომბრის არჩევნებსა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ყურადღების მიპყრობაა.
ოპერიდან ფილარმონიის მიმართულებით მდუმარე აქცია ჯერჯერობით არ დაწყებულა, ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე აქციის წინა სამზადისია და სავარაუდოდ რამდენიმე წუთში მსვლელობა დაიწყება.
ორგანიზატორთა 1 ნაწილი რუსთაველზე უკვე იმყოფება, რომელთა თქმითაც დღევანდელ აქციას რამდენიმე მიზანი აქვს: ორგანიზატორთა განცხადებით მათ სურთ მადლიერების გამოხათვა აშშ-ის და იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ამერიკა საქართველოსთან დაკავშირებით ატარებს და მე-2, ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მაიკ პომპეოს მიაწვდინონ ხმა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.
ოპოზიციის თქმით, აქცია იქნება მდუმარე და სიტყვით გამოსვლები არ იქნება, დაახლოებით პირველი საათისთვის კი ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე, სადაც აქცია იმართება, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვერ მოხვდება.
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ეწვია.