ეს იყო ძლიერი, მტკიცე, სტრატეგიული პარტნიორების შეხვედრა, რომელმაც დასახა გეგმები ყველა ჩვენთაგანისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი შეაფასა.
„ეს იყო ძლიერი, მტკიცე სტრატეგიული პარტნიორების შეხვედრა, რომელმაც დასახა გეგმები ყველა ჩვენთაგანისთვის მომავალი წლების განმავლობაში ამ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი გასაღრმავებლად. საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ. ჩვენ გვაქვს ის დოკუმენტები, რომელიც წლიდან წლამდე ახლდება და რომლის ფარგლებშიც ჩვენ დავინახავთ ამ პროგრესს მომავალი თვეების განმავლობაში. რასაკვირველია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა იყო, რაზეც პრემიერ მინისტრმა შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება და რაშიც აშშ-ის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს.
კოვიდმდგომარეობით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის, აშშ გამოთქვამს მზაობას, რომ დაეხმაროს საქართველოს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ გვექნება მზარდი ეკონომიკური პროექტები. იცით, რომ პრემიერ-მინისტრი ესაუბრა რამდენიმე თვის წინ და ამერიკის განვითარეის ფინანსური კორპორაცია გეგმავს, განიხილოს მისი საქართველოში დაფუძნების პერსპექტივა, რაც ახალ, კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს ქვეყანაში, რაზეც ასევე გაიმართა საუბარი. ამ პროცესს ორივე მხარე მიესალმება.
ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე აშშ არის მთავარი პარტნიორი და დასაყრდენია და საქართველო ამ მხრივ აშშ-ისთვის კარგი მაგალითია. ასე, რომ ბევრი სამუშო გვაქვს მე ამერიკაში და ქალბატონ დეგნანს - საქართველოში“, - განაცხადა ბაქრაძემ.