აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც მოუწოდებს ყველას, საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ პროცესები წავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე არ ყოფილა.
„არ ყოფილა მათი მხრიდან პირდაპირი ჩარევა. ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესია. ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც მოუწოდებს ყველას, საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ პროცესები წავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში. რა თქმა უნდა, ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, არც არის ეს მათი სურვილი. მათი სურვილია, საქართველოში სიტუაცია იყოს სტაბილური, რადგან მხოლოდ განვითარებას შეუძლია ქვეყანას გაუჩნდეს ის შესაძლებლობები, რომ გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს“, – განაცხადა ზალკალიანმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოს საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდა. მან დღეს შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.