კურტ ვოლკერი: შეერთებულ შტატებს შეუძლია რუსული დათვისა და ჩინური დრაკონის თავიდან მოცილების მიზნით, კავკასიური ვეფხვის გაზრდას შეუწყოს ხელი

კურტ ვოლკერი: შეერთებულ შტატებს შეუძლია რუსული დათვისა და ჩინური დრაკონის თავიდან მოცილების მიზნით, კავკასიური ვეფხვის გაზრდას შეუწყოს ხელი

ამერიკელი დიპლომატი კურტ ვოლკერი საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტს ეხმაურება. უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის და ნატო-ში ყოფილი წარმომადგენლის სტატია სახელწოდებით „კავკასიური ვეფხვის გაზრდა“ „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ვოლკერი აღნიშნავს, რომ 2016 წლის შემდეგ ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში პირველი ვიზიტია, რომელიც რეგიონსა და საქართველოში გადამწყვეტ პერიოდს დაემთხვა. მას მიაჩნია, რომ პომპეოს ვიზიტს შეუძლია საფუძველი ჩაუყაროს ორპარტიულ სტრატეგიულ მიდგომას, რომელსაც მომავალში ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განაგრძობს. ვოლკერი რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ ყარაბახის კონფლიქტზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში, აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების განლაგებას დათანხმდა. ეს ნიშნავს, რომ პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს სამხედრო ძალები სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჰყავს: სომხეთში მოწვევით, აზერბაიჯანში, როგორც სამშვიდობოები, საქართველოში კი, როგორც საოკუპაციო ძალები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. ეს მცოცავი იმპერიის მშენებლობა განსაკუთრებულ ზეწოლას ახდენს საქართველოზე, რეგიონში ყველაზე წარმატებულ დემოკრატიასა და ყველაზე მეტად დასავლეთისკენ მიდრეკილ საზოგადოებაზე. საქართველოს, რუსეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯების საწინააღმდეგოდ, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან მეტი ჩართულობა სჭირდება“, - წერს ვოლკერი.

დიპლომატი საქართველოში არსებულ შიდაპოლიტიკური ვითარებაზეც ამახვილებს ყურადღებას და იმის შესახებ წერს, რომ ოპოზიცია საპარალამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

„სავარაუდოდ „გაერთიანებული“ ოპოზიცია რეალურად, დაყოფილია იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოექცნენ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის პოლიტიკურმა პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ„ არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა. აქ სახელმწიფო მდივნის, პომპეოს სამუშაო განსაკუთრებით რთული იქნება. მან ყველა მხრიდან უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა - იგულისხმება ორივე: თაღლითობის ბრალდებების გამოძიებისა და საჭიროების შემთხვევაში, გამოსწორებისთვის ზომების მიღების დაჟინებული მოთხოვნა. ამავე დროს, მან ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ დემოკრატია მოითხოვს როგორც მთავრობას, ასევე ძლიერ პოლიტიკურ ოპოზიციას. არჩევნების შედეგების გამოკვლევასა და შემოწმებას უნდა მოჰყვეს გამარჯვებულების მიერ მთავრობის ფორმირება, დამარცხებულების მიერ პარლამენტში ოპოზიციად შესვლა და ყველა მხარის მიერ დემოკრატიული პროცესის გაგრძელების მიდევნა. სამართლებრივი დაცვის საშუალებები კი სამართლებრივი დემოკრატიული საშუალებებით უნდა განხორციელდეს“, - მიიჩნევს დიპლომატი.

სტატიაში ის საქართველოს წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზეც საუბრობს.

„საქართველომ თავი უნდა დაიმკვიდროს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერთადერთი ისეთი დერეფნის კარიბჭედ, რომელიც ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს ერთმანეთთან ისე აკავშირებს, რომ არ გადის რუსეთსა ან ირანზე. სხვაგვარად, საქართველო შესაძლოა, არც ისე საინტერესო იყოს ევროპელი და აშშ-ის ინვესტორებისთვის. მაგრამ როგორც რეგიონის მასშტაბით ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე დასავლური, კანონის უზენაესობის ყველაზე მეტად დამცავი და რეგიონში ინვესტიციებისთვის ყველაზე სტუმართმოყვარე ადგილი, საქართველო შეიძლება გახდეს არსებითი ფინანსური, ლოგისტიკური და კიბერ გზაჯვარედინი, ისევე, როგორც რეგიონული შტაბ-ბინებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი.

აშშ-ის ჩართულობის დადასტურებისა და საქართველოში საშინაო პოლიტიკურ შერიგებაში წვლილის შეტანის მიღმა, სახელმწიფო მდივან პომპეოს აქვს შესაძლებლობა, შეერთებულმა შტატებმა წამოწიოს ეს ხედვა საქართველოსი, როგორც რეგიონში მთავარი ეკონომიკური მოთამაშის. მას შეუძლია, დაადასტუროს აშშ-ის განზრახვა, თბილისში შეიქმნას აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისი, გააკეთოს შეთავაზება აშშ-ის დახმარების შესახებ ინვესტორთა დავების მოგვარებაში და ჩამოაყალიბოს სტრატეგიული ხედვა, რომლის აღება და განვითარება შესაძლოა, აშშ-ის მომდევნო ადმინისტრაციის მიერ მოხდეს.

რუსული დათვისა და ჩინური დრაკონის თავიდან მოცილების მიზნით, შეერთებულ შტატებს შეუძლია, კავკასიური ვეფხვის გაზრდას შეუწყოს ხელი“, - წერია კურტ ვოლკერის სტატიაში.