აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და გლობალური უსაფრთხოების გაძლიერებაში.
„აშშ მზად არის, საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაში დაეხმაროს. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეჭრას, რომელიც დღესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად მუშაობს.
„აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია მნიშვნელოვანი პლატფორმაა დემოკრატიის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის საკითხებზე დისკუსიებისთვის ორმხრივ სამუშაო ჯგუფებთან. ჩვენი პარტნიორობის ყოვლისმომცველი ხასიათის მაჩვენებელია აშშ-ის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის უცხოური დახმარების სახით საქართველოსთვის 2019 ფისკალურ წელს 127 მილიონ დოლარზე მეტის გამოყოფა“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში მისწრაფებებს და ძლიერად აფასებს საქართველოს წვლილს ალიანსის ოპერაციებში.
„ქართველი სამხედროები მამაცურად მსახურობენ და ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ქართველებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ან დაშავდნენ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევისას. აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების განვითარებაში მომავალი აგრესიის წინააღმდეგ და აშშ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი უსაფრთხოების სფეროში“, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.