ნიკოლოზ სამხარაძე: ამერიკასთან არა მხოლოდ უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხები, არამედ ღირებულებითი ერთობაც გვაერთიანებს

ნიკოლოზ სამხარაძე: ამერიკასთან არა მხოლოდ უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხები, არამედ ღირებულებითი ერთობაც გვაერთიანებს

ბატონი პომპეოს ვიზიტი კათოლიკოს-პატრიარქთან ეს არის პატივისცემის დადასტურება საქართველოს სულიერი ლიდერისთვის და ეს ასევე არის იმის დადასტურება, რომ ჩვენ ამერიკასთან არა მხოლოდ უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხები, არამედ ღირებულებითი ერთობაც გვაერთიანებს, - ამის შესახებ „იმედის გადაცემა „არენაში“ ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ვიზიტის ფარგლებში პატრიარქთან დაგეგმილ შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს არის პირველ რიგში პატივისცემა. ყველამ იცის, რომ საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქი ერის სულიერი ლიდერია. შესაბამისად, როდესაც შენ ჩადიხარ სტრატეგიულ პარტნიორთან შენ იქ ხვდები არა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებს, არამედ ერის სულიერ ლიდერებსაც. ასევე, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა დამოკიდებული არ არის მხოლოდ უასფრთხოებსა და ეკონომიკაზე დაფუძნებული. ეს არის ღირებულებითი ერთობა და ეს ჩვენი ღირებულებითი ერთობა მოდის სწორედ ფასეულობებიდან, რომელიც არის რელიგიური ფასეულობებიც, მათ შორის. მოგეხსენებათ, აშშ-იც არის ღრმად რელიგიური ქვეყანა, საქართველოშიც რელიგიას პატივს ვცემთ, მათ შორის, სხვა რელიგიის აღმსარებლობას და საქართველო ტოლერანტობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, ვფიქრობ, მთელს მსოფლიოში. ბატონი პომპეოს ვიზიტიც კათოლიკოს-პატრიარქთან სწორედ ამის დადასტურებაა. ეს არის პატივისცემის დადასტურება საქართველოს სულიერი ლიდერისთვის და ეს არის ასევე იმის დადასტურება, რომ ჩვენ ამერიკასთან გვაერთიანებს არა მხოლოდ უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხები, არამედ ღირებულებითი ერთობაც“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ხვალ საპატრიარქოში მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მიიღებს.