მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით ტინი კოქსმა „ქრონიკას“ წერილობით უპასუხა

მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით ტინი კოქსმა „ქრონიკას“ წერილობით უპასუხა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ რუსეთის აგენტად მოხსენიებული ნიდერლანდელი ევროდეპუტატი ტინი კოქსი კიევიდან გამოთქმულ ბრალდებებს კოლეგებთან ერთად გაეცნო, მაგრამ სატელევიოზიო კომენტარის გაკეთება არ ისურვა. „ქრონიკა“ კომენტარის მისაღებად დაუკავშირდა ტინი კოქსს, რომელმაც ბრალდებებთან დაკავშირებით წერილობითი კომენტარი გაავრცელა.

ტინი კოქსი განმარტავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მას წევრ ქვეყანაში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად აგზავნის. ის ბიუროზე გასულ წლებშიც იყო ნომინირებული, 2010-2014 წლებში ის ბოსნიაში, 2011-2012 წლებში - რუსეთში, 2015 წელს კი თურქეთში იმყოფებოდა. პროცედურის თანახმად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დელეგაციის წევრებსა და ხელმძღვანელს ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ დასახელებული კანდიდატებიდან ირჩევს და საქართველოს ამ პროცესში არანაირი როლის შესრულება არ შეუძლია.

მისიის ხელმძღვანელი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორინგის წინასწარი შედეგების შემდეგ უკვე საბოლოო დასკვნას ამზადებს და მას 2021 წლის იანვარში წარადგენს.

ნიდერლანდელი ევროდეპუტატი ტინი კოქსი, რომელიც არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავდასხმის ობიექტი გახდა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მას „ეფესბეს“ აგენტს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ტინი კოქსი რუსეთის კმაყოფაზე მყოფი დეპუტატია.