კანონი სააკაშვილის პოლიტიკიდან დისტანცირების შესახებ - კობახიძე ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

კანონი სააკაშვილის პოლიტიკიდან დისტანცირების შესახებ - კობახიძე ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

„რას მოიფიქრებენ, არ ვიცი, სანამ არ ვნახავ რას აპირებენ. თუმცა კონსტიტუციითა და კანონებით განსაზღვრულია არჩევნებში მონაწილეობის უფლება ვის აქვს", - ასე აფასებს „რეზონანსთან"კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ პოლიტიკისგან მიხეილ სააკაშვილის დისტანცირებისათვის მმართველი პარტია ახალი სამართლებრივი მექანიზმების შემოღებას გეგმავს, რომლის განხილვაც ახალ პარლამენტში მოხდება.

ამ გეგმის შესახებ მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა „რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკისგან დისტანცირებას, ამასთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული იდეები და მოსაზრებები და მეათე მოწვევის პარლამენტს ამის რეალიზება შეუძლია, თუმცა, დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. საუბარია სამართლებრივ მექანიზმებზე - რა და როგორ, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. სამართლებრივ ჩარჩოში ამის გაკეთება არის შესაძლებელი. ეს იდეა არის დამუშავების ეტაპზე.ქართული დემოკრატიის ამოცანა არის, რომ მიხეილ სააკაშვილისნაირი ფიგურები ჩამოშორდნენ ქართულ პოლიტიკას", - განაცხადა კობახიძემ.

„კონსტიტუციითა და კანონებით განსაზღვრულია არჩევნებში მონაწილეობის უფლება ვის აქვს, პარტიის შექმნის უფლება ვის აქვს, უფლებები განსაზღვრულია და ეს უფლებები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე, არ აქვს არც არჩევნებში და არც საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება. რას მოიფიქრებენ, არ ვიცი, სანამ არ ვნახავ რას აპირებენ", - განაცხადა ხმალაძემ.